ირაკლი კობახიძე – როდესაც რუსეთი ანგრევს მარიუპოლს, სხვა ქალაქებს, როდესაც კვდება უამრავი ადამიანი, უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენც, ისევე როგორც უკრაინას, გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში, ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება, მისაღები იყოს, გამომდინარე იქიდან, რამდენად ჯდება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რუსეთისთვის არ აქვს დაწესებული სანქციები, „სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში ბუნებრივია, შეიძლება, შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა“.
“ომის დროს, როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, სხვა ქალაქებს, როდესაც კვდება უამრავი ადამიანი, უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან. პუტინისგან ყიდულობს გაზს, შემდეგ ეს გაზი გადააქვს ევროპის ქვეყნებში და ასე შემდეგ. უკრაინა აკეთებს ამას, დღემდე პუტინისგან ყიდულობს გაზს და არა მარტო, ამ გაზის გატარებას უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნებში. არც არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია ან ასე შემდეგ. ჩვენც, ისევე როგორც უკრაინას, გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში, ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება, იყოს მისაღები, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ჯდება იმ ჩარჩოებში, რაც განსაზღვრული აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს ჩარჩოები იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც დამყარებულია, ეს არის სავაჭრო ურთიერთობები. ამ ლეგიტიმურ ფარგლებში, ნებისმიერი კომუნიკაცია არის ლეგიტიმური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




