ირაკლი კობახიძე – რომც იყოს ავთენტური, არავითარ უხერხულობას ბუნებრივია, ეს საუბარი არ ქმნის

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ურეკავს.
“ჩანაწერის ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, შეგიძლიათ, სხვანაირად მოიკითხოთ ეს ინფორმაცია. მათ შორის, წყარო თქვენთვის ცნობილია და შეგიძლიათ, წყაროსაც ჰკითხოთ, თუ ეს თქვენთვის უხერხულობას არ შექმნის. ანუ საიდან გახდა ეს ჩანაწერი ცნობილი კონკრეტული ტელევიზიისთვის. საიდან გახდა ცნობილი, ან ქართული მხრიდან, ან რუსული მხრიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა მაგალითად ბაკურიანში. პირველი გამორიცხულია, მეორე და მესამე ამ ტელევიზიას სერიოზულ უხერხულობას შეუქმნის. აკერმანისა და ასევე რუსული ვერსია იქნება სერიოზული უხერხულობის შემცველი კონკრეტული ტელევიზიისთვის, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირი ფორმით. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ამ ტელევიზიას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური და მათ ამისთვის ალბათ წყაროზე უნდა ისაუბრონ. თუმცა, მე მგონია, რომ წყაროს გამჟღავნება იქნება სერიოზული უხერხულობის შემქმნელი. სამი ტელევიზია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც რუსეთს მოუხსნა მაგალითად უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ეს სამი ტელევიზია წარმოადგენს ამ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი და მის ტელევიზიებზე.
რაც შეეხება უშუალოდ ურთიერთობების თემას და საქართველოს პოზიციას ომთან მიმართებით. ჩვენი პოზიცია არის ნათელი. რაც შეეხება პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, აქ ვაკეთებთ 100 პროცენტს უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის დაგმობის კუთხით. რაც შეეხება სანქციებს, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ ძალიან მკაფიო განცხადებები მოისმინა. რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ამაზეც ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი. არავინ არავის არ ეხმარება.
ამ ჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობაც არ ვიცით, კონკრეტულ ადამიანს აინტერესებს სავაჭრო ურთიერთობებში რაღაცის გაკეთება. გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, ბუნებრივია, მას არ შეუძლია ასეთ დროს რაიმე პასუხის გაცემა და მარტივად ეუბნება საკუთარ ძველ მეგობარს, თუ ავთენტურია ეს ჩანაწერი, რომ ასეთი რაღაც უნდა გაირკვეს ხელისუფლების წარმომადგენელთან. თუ ეს ავთენტურია, ამ ავთენტურ ჩანაწერშიც არაფერი პრობლემური სინამდვილეში არ არის. რომც იყოს ავთენტური, არავითარ უხერხულობას ბუნებრივია, ეს საუბარი არ ქმნის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




