ირაკლი კობახიძე - საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას

ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
"სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას. ეტაპობრივად იზრდება შესაბამისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის საიმედო და ეფექტიანი დამაკავშირებლის როლს.
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით საქართველოს მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან. სწორედ, ამ სამაგალითო თანამშრომლობის შედეგია დღევანდელი წარმატებაც.
მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში.
გილოცავთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედებას და ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ განვითარებას ვუსურვებ!“ - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




