Logo

ირაკლი კობახიძე - საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა მიმართულებით

პოლიტიკა
282
Frontnews image description

საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა მიმართულებით, მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითოეულ დარგში განგვეხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პირადად ვიქტორ ორბანს და უნგრეთის ხელისუფლებას საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

"საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის წლის წინ დაფუძნდა და გუშინ, ბუდაპეშტში, უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში. განვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები, მთავრობა, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ბუდაპეშტში. მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითოეული მიმართულებით, თითოეულ დარგში განგვეხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ასევე, ხელი მოეწერა სხვადასხვა მემორანდუმს - ოთხი მიმართულებით, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებას, საუბარია როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული კავშირების გაღრმავებაზე, განათლების სფეროში, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობაზე. რეალურად, განსახილველი საკითხები მოიცავდა ყველა თემას, რაც შეიძლება იყოს საინტერესო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ჭრილში. გვსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა უნგრეთს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, უნგრეთი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია და ამისთვის მადლობა პირადად უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და უნგრეთის ხელისუფლებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორმხრივი კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები