ირაკლი კობახიძე - სამ ძირითად მიმართულებას ვეხებით ფასების კუთხით: სურსათი, მედიკამენტები და საწვავი

ავტორი
Front News საქართველო
ყველაზე მტკივნეული საზოგადოებისთვის არის ალბათ სურსათის ფასები, სადაც არის ძალიან დიდი სხვაობა ევროპულ და ქართულ მოცემულობას შორის, გვაქვს რწმენა იმისა, რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საწვავის ფასები საქართველოში არის ბევრად უფრო დაბალი სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, მედიკამენტებთან მიმართებაში კი შუალედური მოცემულობაა, რასაც განაპირობებს რამდენიმე წლის წინ სხვადასხვა სახის მედიკამენტზე დაწესებული რეფერენტული ფასები.
"სამ ძირითად მიმართულებას ვეხებით ფასების კუთხით, ეს არის - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი. ვითარება ამ სექტორებში განსხვავებულია. მაგალითად, საწვავის ფასები საქართველოში არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში, ყველაზე დაბალია, რომ შევადაროთ ევროკავშირის ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს და სხვა სახელმწიფოებს. თუმცა, აქაც კი მიგვაჩნია, რომ ფასების შემცირების გარკვეული რესურსი შეიძლება არსებობდეს და ამაზე გრძელდება მუშაობა. მედიკამენტებზე არის უფრო შუალედური მოცემულობა. აქ, დაახლოებით სამი წლის წინ შემოღებულ იქნა რეფერენტული ფასები, რამაც შესაბამის მედიკამენტებზე ფასები რეალურად დააგდო, შესაბამისად, გვაქვს შუალედური ვითარება. ყველაზე მტკივნეული საზოგადოებისთვის არის ალბათ სურსათის ფასები, სადაც არის ძალიან დიდი სხვაობა ევროპულ და ქართულ მოცემულობას შორის. არის პროდუქტები, სადაც 50%-ით მეტი ღირს კონკრეტული პროდუქტი საქართველოში, ორმაგი და ზოგჯერ სამმაგი ფასიც კი არის. ჩვენ უკვე ჩავეძიეთ მიზეზებს და მიზეზები არის სხვადასხვა. მათ შორის, ქსელური მარკეტების პრაქტიკა, როდესაც მოქმედებს, მაგალითად „ქეშბექის“ ინსტრუმენტი, როდესაც დისტრიბუტორს, ან ქართველ მწარმოებელს მოეთხოვება სერიოზული თანხის გადახდა კონკრეტული პროდუქტების მაღაზიაში განთავსების სანაცვლოდ. ეს „ქეშბექი“ 4% იყო 15 წლის წინ, როგორც განგვიმარტეს და ასულია დაახლოებით 50%-მდე, რაც, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ფასზე. ასევე, საქართველოში არის ქსელის გაფართოების პრაქტიკა და ბუნებრივია, ქსელის გაფართოება აისახება ფასებზე. გერმანიაში ვცხოვრობდი 3 წელი და თითო უბანში, როგორც წესი, იყო 1 სუპერმარკეტი, 1 აფთიაქი. ჩვენთან იმავე სტანდარტებით უბანი რომ ნახოთ, არის დაახლოებით 10 სუპერმარკეტი და 3-4 აფთიაქი. ბუნებრივია, რაც მეტია ობიექტი, მით მეტია შესაბამისი ქსელის დანახარჯი და ეს, საბოლოო ჯამში, ისევ მომხმარებელზე და ფასებზე აისახება. აქაც გვინდა გავარკვიოთ, რამდენად შეიძლება, ეს პრაქტიკა შეიცვალოს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი აისახოს ფასების დაწევაზე. ჯამური ფასნამატი არის ძალიან მაღალი - 86%, ეს არის დისტრიბუციას პლუს მარკეტების ფასნამატი. აქედან გამომდინარე, გვაქვს რწმენა იმისა, რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია. ძირითადად, კონცენტრირებულნი ვართ საბაზისო პროდუქტებზე, ყველაზე ხშირად მოხმარებად სასურსათო პროდუქტებზე, თუმცა არა მარტო. ყველა მიმართულებით არის დასაწევი ფასები და გაგრძელდება მუშაობა. რაც ასევე ძალიან საინტერესოა, საპარლამენტო ფორმატი იქნება უზრუნველყოფილი, სადაც მხარეები ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში უკვე საჯაროდ განუმარტავენ საზოგადოებას, თუ როგორ წარმოიქმნება ფასები და საზოგადოება თავადაც შეიქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ რამდენად და სად არსებობს ფასების შემცირების რესურსი. შემდეგ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. თუ საჭიროა, ანტიმონოპოლიური მექანიზმები შეიძლება შემოვიღოთ, სხვა ინსტრუმენტები შეიძლება გამოვიყენოთ, რაც არის აპრობირებული სხვადასხვა ქვეყანაში", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




