Logo

ირაკლი კობახიძე - სპეკულაციებია, რომ პროფესორებს გაუშვებენ და ა.შ, არათუ გაშვებაზეა საუბარი, დამატებითი რესურსია საჭირო

პოლიტიკა
199
Frontnews image description

ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება საჯარო განხილვები სხვადასხვა წრეებთან, ამის შემდეგ უკვე მთავრობა დაამტკიცებს განათლების კონცეფციას და შევუდგებით მაშინვე ამ კონცეფციის განხორციელებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ეტაპი გულისხმობს სისტემის რეორგანიზაციას, საკადრო სისტემის მოწესრიგებას და ეს უკვე მომდევნო სასწავლო წლისთვის ამოქმედდება.

"არის საკითხები, რასაც ექნება გარდამავალი ფაზა, მაგალითად დაფინანსების სისტემას, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე არიან ჩარიცხული, შენარჩუნდება არსებული საგრანტო სისტემა. როდესაც საქმე ეხება უნივერსიტეტებს შორის ფაკულტეტების გადანაწილებას, აქაც სტუდენტებს ექნებათ არჩევანი, თუ ვინმე დღეს სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას საკუთარი არჩევანის შესაბამისად ექნება იქ დარჩენის შესაძლებლობა. მასზე არ გავრცელდება გარდამავალ ეტაპზე ეს ცვლილება. ცვლილება შეეხება ახლად მისაღებ სტუდენტებს. რაღაცებს ექნება გარდამავალი პერიოდი. რაც შეეხება სისტემის რეორგანიზაციას, საკადრო პოლიტიკის დახვეწას, აქ ერთ წელიწადში გვექნება შემდგარი ცვლილებები. არის საკითხები, რასაც დასჭირდება რამდენიმე წელი, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ინფრასტრუქტურის მშენებლობა მოითხოვს ვადებს. რაც შეეხება დანახარჯებს, ბევრი მიმართულებით ველოდებით ეკონომიას, მათ შორის სწავლების ხანგრძლივობიდან, საერთო ოპტიმიზაციიდან გამომდინარე. აქაც სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს, პროფესორებს გაუშვებენ და ა.შ. არათუ გაშვებაზეა საუბარი, სანთლით იქნება საძებნელი. მათ შორის ქუთაისში გვჭირდება პროფესურა, თბილისშიც, რეგიონულ უნივერსიტეტებშიც, ყველგან გვჭირდება. არა თუ გაშვებაზეა საუბარი, დამატებით არის რესურსი საჭირო იმისათვის, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს. ამიტომ, არასწორი მოლოდინები და შიშები არავინ არ უნდა შექმნას სპეკულაციებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ხარჯებს ინფრასტრუქტურის ნაწილში, პრემიერის თქმით, უმეტეს შემთხვევაში იქნება ეკონომია.

"ჩვენ ამბიციური გეგმა გვაქვს. რეგიონული უნივერსიტეტების გაფართოებაც გვინდა ინფრასტრუქტურით და მეორე - რუსთავში და ქუთაისში შეიქმნება სრულიად ახალი დამატებითი ინფრასტრუქტურა. ამას დიდი დანახარჯები ექნება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისის ცენტრში, ძირითადად, კონკრეტული შენობების რეალიზაციის ხარჯზე ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება. დავაკონკრეტებ, რომ ეს არ შეეხება იმ შენობებს, რომლებიც არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის და ქართული კულტურის იდენტობის ნაწილი. წინა ხელისუფლებას უნივერსიტეტის მეორე კორპუსის გაყიდვა ჰქონდა დაგეგმილი და მერე თავი შეიკავეს რეაქციიდან გამომდინარე. ჩვენ არც რეაქციას ველოდებით. რაც არის იდენტობის ნაწილი, მაგალითად სამედიცინო უნივერსიტეტი, როგორ უნდა გაყიდო, თეატრალური, კონსერვატორია, სამხატვრო, თავისთავად, ასეთ შენობებს არ შევეხებით. მაგრამ არის უამრავი კორპუსი, რომელსაც არ აქვს არანაირი ღირებულება, არც იდენტობის, არც კულტურული და არც მემკვიდრეობის კუთხით, თუმცა შესაძლოა, საინტერესო იყოს ასეთი შენობები ეკონომიკური აქტივობისთვის. მათი რეალიზაციის ხარჯზე, შეგვიძლია ჩვენ პრაქტიკულად ნულოვანი დანახარჯით შევქმნათ სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტს გაეხარდება მისვლა, არა მარტო იმის გამო, რომ იქ იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიები, ლაბორატორიები და ა.შ. ამის გარდა იქ უნდა შეიქმნას სტუდენტის თვითრეალიზებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის კულტურული ინტერესების, სპორტული ინტერესებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ასევე საერთო საცხოვრებლები, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა სტუდენტების დიდი ნაწილისთვის. ორივე მიმართულებით, როგორც დედაქალაქთან, ასევე ქუთაისში უნდა შეიქმნას საერთო საცხოვრებლები, რომლითაც იქნება უზრუნველყოფილი სტუდენტი ინტერესის შემთხვევაში, იაფი და ხარისხიანი საერთო საცხოვრებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement