Logo

ირაკლი კობახიძე – უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის არ უნდა შეგვშურდეს

პოლიტიკა
11.07.2023 / 13:13
Frontnews image description

უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს, ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში, 2008 წელს, როდესაც ომი გვქონდა, MAP-იც კი არ მოგვანიჭეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და განსხვავებული მიდგომა სრულიად ბუნებრივია.

 

“ჩვენგან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა ნატო-სკენ დაახლოების მიმართულებით. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება გლობალურ პროცესებზე. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას რეგიონში მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

 

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გასაგებია. ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ამ კონტექსტში. 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, გახსოვთ, რომ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა, 2008 წლის, 2012 წლის მდგომარეობა. მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დღეს კარგია, რომ უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ უნდა შეგვშურდეს და ვერ შეგვშურდება.

 

უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, საქართველო არ არის ომის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა არის სრულიად ბუნებრივი. რეალურად, ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც ხდება დიფერენცირება, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ომი, მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდით. დიფერენციაციის საფუძველი როცა არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით. აქედან გამომდინარე, ეს დიფერენცირება არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ჩვენ ამის ვერ შეგვშურდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასთან, მისივე თქმით, 2008 წელს, როდესაც ქვეყანას MAP არ მისცეს, ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა.

 

„ბაიდენმა თქვა უკრაინაზე ორი-სამი დღის წინ, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისთვის სჭირდება რეფორმები. აქ არ არის არავითარი სპეკულირების საფუძველი. რეფორმების კუთხით  ჩვენ ბევრად წინ ვართ, ვიდრე უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებიც არიან ნატო-ში გაწევრიანების მოსურნენი. აქედან გამომდინარე, სპეკულირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

 

ჩვენ MAP-ი არ მოგვცეს და არც არაფერი. სააკაშვილი გამოდიოდა, იტყუებოდა, MAP-ზე მეტი მოგვცესო. რაში იყო საქმე – პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა, რომ MAP-იც კი არ მოგვცეს, მაშინაც კი, როცა ქვეყანამ ომი გამოიარა. ცხადია აქ ყველაფერი. 2008 წლის შემდეგაც იყო სამიტები წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ MAP არ მოგვცეს, რადგან პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა ამ ყველაფერს. არ მინდა, სიღრმეში შევიდე, ბევრი ექსპერტი განმარტავს მიზეზებს. მაგალითად, უკრაინა რომ ყოფილიყო ნატო-ს წევრი, უკრაინაში ეს ომი არ მოხდებოდა და ეს თავისუფლად შეიძლებოდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ჩვენ პასუხისმგებლობას ვხედავთ იმაზე, რომ გვაქვს წინსვლა ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები