Logo

ირაკლი კობახიძე – ვერ ვითანამშრომლებთ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ

პოლიტიკა
13.11.2021 / 19:13
Frontnews image description

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა აჩვენონ, რომ საქართველოს მეგობრები არიან და არა – მიხეილ სააკაშვილის. 

 

“ჩვენი უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს.

 

ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ.

 

ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დიდი ხნის ლობისტია და ამ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდშიც ლობირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს იტაცებდა და ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს აბარებდა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა დავუსვათ მარტივი კითხვა – ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ – მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია?

 

ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი – ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხი დგას მარტივად – ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები. 

 

თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს.
მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება – ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ”, – აცხადებს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები