Logo

ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

პოლიტიკა
194
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის პრემიერ-მინისტრის მთავარი ეკონომიკური მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის რანგში მომავალშიც თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.

ირაკლი კობახიძემ წარმატებები უსურვა მარიამ ქვრივიშვილს და განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებას მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„მარიამ ქვრივიშვილი ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა იმ საქმეს, რასაც ჰქვია ტურიზმის განვითარება, ავიაციის სფეროში ქვეყნისთვის წარმატებების მოტანა და ახლა ფართოვდება მისი საქმიანობის სივრცე. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ზუსტად ისეთივე წარმატებული ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე, როგორიც იყო ტურიზმისა და ავიაციის სფეროში“, - განაცხადა კობახიძემ.

მან შეხვედრისას ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა გუნდის თითოეული წევრის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაში.

ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა და უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილმა.

"იმ გამოცდილებას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დამიგროვდა საჯარო სექტორში, სიამოვნებით გავუზიარებ ეკონომიკურ გუნდს. ვფიქრობ, ეს არის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი ამ სამინისტროსთვის. განახლებას მოაქვს ახალი ინიციატივები, რაც ძალიან საჭიროა ეკონომიკისა და მთლიანად ქვეყნისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო პროექტები და რეფორმები გვაქვს დაწყებული. რა თქმა უნდა, ყველა ერთად უზრუნველვყოფთ დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას, ასევე - ახალი პროექტებისა და გეგმების დაწყებას, რაც სრულ თანხვედრაშია სამთავრობო პოლიტიკასა და პრემიერ-მინისტრის ხედვებთან. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, გუნდურობით კიდევ ბევრ წარმატებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

Advertisement