Logo

ირაკლი კუპრაძე - თბილისელების მხარდაჭერის შემთხვევაში, ყველა საჯარო სკოლაში იქნება უფასო კვება

პოლიტიკა
204
Frontnews image description

თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ნაძალადევის რაიონში ბრიფინგი გამართეს და სკოლებში ბავშვთა უფასო კვების და სასწავლო დაწესებულებების დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ირაკლი კუპრაძის თქმით, მხოლოდ ნაძალადევის რაიონში 5 სკოლაა, რომელიც არ ფუნქციონირებს და მშობლებს საკუთარი შვილების ტარება მოშორებით, სხვა სკოლებში უწევთ, რაც პრობლემებს ქმნის.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია უფასო კვება საჯარო სკოლებში, რადგან ბავშვების დიდი ნაწილი დღეს საგაკვეთილო პროცესების დროს შიმშილობს.

"რეალურად, ჩვენ ახლა ვდგავართ ნაგავსაყრელთან, შუა ნაძალადევში, სადაც ტერიტორია სავსეა ნანგრევებით, ნაგვით, გამოყენებული შპრიცებით, აქ ნაგავსაყრელი კი არა, რეალურად უნდა იდგეს მე-14 საჯარო სკოლა, რომელიც 3 წლის წინ დაანგრიეს და დღემდე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული, ამან შექმნა დამატებითი პრობლემა ნაძალადევის მოსახლეობისთვის, როცა მშობლებს უწევთ, ბევრად მოშორებულ ტერიტორიებზე მათი ტარება, რაც იწვევს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს. ტერიტორია არის მძიმე მდგომარეობაში, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე, რაც დიდ საფრთხეს ქმნის აქ მცხოვრები ბავშვებისთვის. მხოლოდ ნაძალადევში, დღეს 5 სკოლაა დანგრეული, რომელზედაც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლების, რომელიც არ ზრუნავს მოქალაქეებზე. ნაძალადევში მცხოვრებმა მშობლებმა ძალიან კარგად იციან, რომ 5 სკოლა არის დანგრეული, არ არის გამოცხადებული ტენდერები, არის ნაგვის ბუდე, მათ უქმნის ყოველდღიურ პრობლემას და ხელისუფლებას ამაზე პასუხები არ გააჩნია. თბილისელების რეალური პრობლემები არც კახა კალაძეს და არც ცენტრალურ ხელისუფლებას არ აინტერესებს, ეს გარემო კი ამის თვალნათელი მაგალითია.

გუშინ შევხვდი ნაძალადევის მოსახლეობას და იგივე მდგომარეობაა 113-ე სკოლასთან. ჩვენი მიზანია, რეალური პრობლემები მოგვარდეს, ასევე ჩვენი პროგრამული მნიშვნელოვანი დაპირება, რომ ყველა საჯარო სკოლაში უნდა არსებობდეს უფასო კვება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველა კვლევის მიხედვით, ცხადია, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესის დროს შიმშილობენ. მშობლებმა და მასწავლებლებმა კარგად იციან, რამდენად შიათ თქვენს ბავშვებს, როდესაც კარგავენ გონებას შიმშილისგან სასწავლო პროცესის დროს. ამიტომ, ჩვენი პროგრამული პირობით, თბილისელების მხარდაჭერის შემთხვევაში, ყველა საჯარო სკოლაში იქნება უფასო კვება, რომლითაც მხარს დავუჭერთ ჩვენს მომავალს, რომელიც უნდა ვითარდებოდეს ყველა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ თბილისელებს და თბილისელ 200 ათას მოსწავლეს. ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ, თბილისელებს ისღა დარჩენიათ, 4 ოქტომბერს, არჩევანი გააკეთონ კორუფციულ, რუსულ რეჟიმს, ანტიქართულ ოცნებასა და ევროპულ ოპოზიციას შორის, რომელიც გთავაზობთ უფასო კვებას, პენსიონერებს უფასო მედიკამენტებს, მზრუნველობას და ა.შ. უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, იბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის და მოაგვაროთ ჩვენთან ერთად ეს პრობლემები", - განაცხადა კუპრაძემ.

Advertisement