Logo

ირაკლი მენაღარიშვილი - ადრე თუ გვიან, რუსეთთან საუბარი მაინც მოგვიწევს

ინტერვიუ
231
Frontnews image description

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, რუსეთთან დიალოგის აუცილებლობა გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკება რთულია. Front News-თან ინტერვიუში მენაღარიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშხაბადის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოს ირგვლივ ატეხილ კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროტოკოლით გათვალისწინებულ ადგილას დგომა არ არის კრიტიკის საგანი, მით უმეტეს, თუ პარალელურად დაცულია ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მისაღწევად, გარდაუვალია "მტერთან" საუბარი, რასაც უკრაინის ომის ფონზე მსოფლიო მოთამაშეებიც ეთანხმებიან.

- პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშხაბადში ყოფნისას, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად, გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც თურქმენეთის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ერთად გადაღებულ ფოტოს შეეხებოდა. თუმცა ანალიტიკოსების და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რა არის იმაში ცუდი, თუკი საქართველო რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით დაელაპარაკება. გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ რუსეთთან ამერიკაც და ევროპაც იძულებულია ილაპარაკოს. რუსეთთან რა სახის საუბარია შესაძლებელი?

- დიახ, რუსეთი და პუტინი ძალიან რთულია დალაპარაკებით და მოლაპარაკებით რაიმეზე წამოიყვანო, რაღაცას მიაღწიო და ეს ქართველებმა უკვე დიდი ხანია, ვიცით, ევროპელებისგან და ამერიკელებისგან განსხვავებით. მე ვერც იმის საფუძველს ვხედავ, რომ პრემიერი ან საქართველოს წარმომადგენელი რომელიმე მთავრობის პირი, გავაკრიტიკო იმის გამო, რომ საერთაშორისო ფორუმზე პუტინთან ერთად იდგა. თუნდაც ის მსოფლიოს მონსტრად ითვლებოდეს და ქართველებისთვის მტერი იყოს. მე მიმაჩნია, რომ თუკი საჭიროა, მტერთანაც უნდა დაილაპარაკო, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. ხოლო პრემიერი უბრალოდ იდგა პროტოკოლით გათვალისწინებულ ადგილას და მას პუტინთან არაფორმალური კომუნიკაცია არ ჰქონია.

არც ის დაუმალავს და მორიდებია იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. თუმცა, ხაზი მშვიდობას და მის მშვიდობიანად დაბრუნებასაც გაუსვა. ეს იყო სწორად მიწოდებული დიპლომატიური გზავნილები, რაც, ვფიქრობ, პუტინმა მშვენივრად გაიგო.

- მმართველი გუნდი ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიც კი მზადაა პუტინს შეხვდეს და უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებაზე, ან ცეცხლის შეწყვეტაზე მასთან ისაუბროს, რატომ არ შეიძლება საქართველომაც სცადოს რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაცია. შესაძლოა, ამ ნაბიჯების გადასადგმელად ემზადებოდეს „ოცნების“ ხელისუფლება?

- ადრე იქნება თუ გვიან, რუსეთთან საუბარი მაინც მოგვიწევს და თუ ეს საჭირო გახდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. რუსეთთან კომუნიკაცია მოგვიწევს, სხვაგვარად ფაქტია, ეს კონფლიქტი არ გვარდება. უკრაინის ომმაც აჩვენა, რომ რუსეთთან დალაპარაკების და შეთანხმების გარეშე არაფერი არ იქნება. ომს ვერ დაასრულებს ვერც ევროპა და ვერც ამერიკა, თუკი რუსეთთან დიალოგი არ იქნება. რაიმე განსაკუთრებულსა და კატასტროფას მე ამაში ვერ ვხედავ.

- ჩვენ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის, პოზიცია მოვისმინეთ. მან ისევ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დე ფაქტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ. რა ფორმატშია შესაძლო და რა სახის დიალოგი შეიძლება წარიმართოს, როცა რუსეთი პოზიციებს არ თმობს და არც საქართველოს ხელისუფლება აპირებს რამის დათმობას?

- რუსეთის ინტერესი ახლა არის ის, რომ მას ჰქონდეს მშვიდობიანი სამეზობლო და მშვიდობიანი საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან. ამ პირობების მიღწევა საქართველოსთან შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ხელს აიღებს. უარს იტყვის აგრესიით მოპოვებული ოკუპირებული ტერიტორიების მართვაზე. მე ვფიქრობ, რომ უკრაინის ომის ფონზე, ოკუპირებული ტერიტორიების მართვა და შენახვა რუსეთს უკვე უჭირს და მობეზრდა კიდევაც.

ადრე თუ გვიან რუსები მივლენ უკვე იმ დასკვნამდე, რომ მათთვის საქართველოსთან თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია და აუცილებელი, ვიდრე ამ დე ფაქტო ხელისუფლებებთან, რომლებიც უკვე პრობლემების მეტს არაფერს უქმნიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ სიტუაციისთვის. უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე მყარად და არაფრის გამო უკან არ უნდა დავიხიოთ. არაფერია გამორიცხული ამ დიდ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში.

- თბილისი მტკიცე უარით პასუხობს მოსკოვის მიერ ინიციირებულ გეგმას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდთან ახალი საბაჟო ტერმინალის მშენებლობას და ტვირთების ტრანზიტის ამოქმედებას გულისხმობს. საქართველოს ხელისუფლებამ კრემლს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა: რუსეთისკენ მიმავალ ტვირთებს, რომელმაც აფხაზეთი უნდა გაიაროს, საქართველო არ გაატარებს და ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ აღიარებაზე საუბარიც კი გამორიცხულია. ფიქრობთ, რომ ამ თემაზეც შესაძლოა რაიმე სახის კულუარული ვაჭრობა წარიმართოს?

- რთულია იმაზე საუბარი, მიდის თუ არა რაიმე კულუარული მოლაპარაკება ამ საკითხზე. ამ თემას ძალიან დიდი დაფიქრება და გაანალიზება სჭირდება. რა თქმა უნდა, ახლა საქართველო რუსეთს ტვირთების გამტარიანობის კუთხით ძალიან სჭირდება და მნიშვნელოვანი გზაა, თუმცა სწორია ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ ასე რუსეთის მხრიდან ძველებურად საუბარი იმაზე, რომ თბილისმა უნდა აღიაროს დე ფაქტო ტერიტორიების დამოუკიდებლობა და თან ჩვენს ტერიტორიაზე მათი ტვირთები გავატაროთ, ნუ, წარმოუდგენელი აბსურდია. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირებული პოზიცია სრულიად ადეკვატურია. ეს იქნება ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღიარება.

- უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოც შესაძლოა, აშშ-ის და რუსეთის დღის წესრიგში აღმოჩნდეს. სწორედ ამ გადანაწილების პროცესში გახდეს ცნობილი საქართველოს საით, რა მიმართულებით წავა...

- დიახ, რთულია საუბარი იმაზე, ამ მოლაპარაკების პროცესში კავკასია როგორ იქნება განხილული და მათ შორის საქართველოც. თუმცა არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენ ჩვენი ინტერესების დაცვა და გეოპოლიტიკური შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენს მიმართ ინტერესი და საჭიროება ჩვენი კოზირია, რითაც სარგებლობა უნდა შევძლოთ. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან საქართველოს საკითხი ძალიან აქტიური და ღია გახდება. აშშ-ის პოლიტიკაც უფრო გამოიკვეთება. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. შავი ზღვა, საქართველო და უკრაინა ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია.

- ფიქრობთ, რომ ამერიკის მხრიდან ასეთი ინტერესი ბოლო დროს უკვე იკვეთება? ვსაუბრობ, მაგალითად, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის აქტიურობაზე, რომელიც ზანგეზურის, ე.წ. „ტრამპის დერეფნის“ ირგვლივ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თბილისში  იყო ჩამოსული. გაქვთ მოლოდინი, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება?

- საქართველო კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო ქვეყანაა. ზანგეზურის დერეფნის სრულად ამოქმედებისა და დატვირთვისთვის საქართველოს როლი ძალიან დიდია. ვიცით, რომ ინტერესის სფერო ფოთის ნავსადგურია. ამერიკელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დერეფნის ამოქმედება და, რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ეს შესაძლებლობები ჩვენც უნდა გამოვიყენოთ. როგორც უკვე აღვნიშნე, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს აწყობს. საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ძველ და ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობას უნდა დაუბრუნდეს. ამიტომ, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაცია ამას შეეცდება და „მეგობარი აქტის“ დაბლოკვაც კი, ბატონო, ამ კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები