ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვა, ქვეყნის იზოლაციის ძალიან მაღალი ხარისხი იქნება საერთაშორისო არენაზე


ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესმა 26 მარტს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ოპოზიციას იმედი გაუჩნდა, რომ 7 აპრილს შესაძლოა, ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს და ქვეყანა ევროსაბჭოდან გარიცხონ.
მმართველ გუნდისთვის კი 7 აპრილის სცენარი უკვე ცნობილია, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბრიუსელი უკვე დიდი ხანია, “დიფ სთეითის“ მთავარ ოფისად გადაიქცა და რას იტყვიან მისი ლობისტი ევროპარლამენტარები, საინტერესო აღარ არის. ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საუბრობს.
– რა სახის ზიანი მიადგება ქვეყანას, თუკი საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხავენ?
– ძალიან არ მინდა და ღმერთმა არ ქნას, რომ მსგავსი რამ მოხდეს. საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვა, ეს ქვეყნის იზოლაციის ძალიან მაღალი ხარისხი იქნება საერთაშორისო არენაზე. ეს გამოიწვევს საქართველოს იზოლაციას ცივილიზებულ სამყაროსგან. მე მაინც ბოლომდე ვიტოვებ იმედს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყნისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარება, საქართველოს ისტორიულ ოჯახიდან გამოთიშვა დაემუქრება. ჩვენი ხალხის და ქვეყნის განაცხადი, სწორედ დასავლეთი და დასავლური კურსია. ამიტომ ევროსაბჭოდან ქვეყნის დელეგაციის გარიცხვა, ძალიან დიდი დარტყმა იქნება. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ევროსაბჭო ბოლომდე ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
– თუმცა ევროსაბჭომ ხელისუფლებას კონკრეტული დათქმები წაუყენა, რის შესრულების შემთხვევაშიც ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ხელისუფლება არ აპირებს ახალი არჩევნების ჩანიშვნას და ეს მისთვის წითელი ხაზია. მაშინ საქართველოს ხელისუფლების და ევროსაბჭოს ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას როგორ ხედავთ?
– დიპლომატია იმიტომ არსებობს, რომ მხარეებს კომპრომისზე წასვლა უნდა შეეძლოს. როცა საქართველოს ეროვნული ინტერესია, რომ დასავლეთთან და დასავლურ ინსტიტუტებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს, მან რაღაცა გამოსავალი უნდა მოძებნოს. არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი ვერ მოინახება. ასეთი დამოკიდებულება, რომ მოდი ყველასთან დიალოგი გავწყვიტოთ, იზოლაციაში მოვექცეთ, არაფერი გამოვა. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანი. ამიტომ ბოლომდე იმედის გადაწურვა არ მინდა. ვფიქრობ, რომ თუკი ორივე მხარე მოისურვებს გამოსავლის პოვნას, ასეთს მონახავენ. ევროპის საბჭო ის სტრუქტურაა, რომლის წევრობა ცივილიზებულ სამყაროსთან ჩვენს კავშირს ნიშნავს, სულიერ ერთობას. ხოლო თუ საწინააღმდეგო იქნება გაცხადებული და ეს მნიშვნელოვანი კარიც საქართველოს დაეხურა, მართლა მიჭირს იმაზე საუბარი რა საგარეო პოლიტიკაზე შესაძლოა, ვილაპარაკოთ.
– ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ “მეგობარი აქტს” მიღება. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის დახმარებას საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში. ტექსტი მოიცავს როგორც ქართველი ხალხის მხარდამჭერ გეგმას, ასევე „ქართული ოცნების“ პოლიტიკის საწინააღმდეგო ზომებს და სანქციების მექანიზმს. თუმცა ამ კანონპროექტმა რომ კანონის სახე მიიღოს, მან რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროს. რა სახის აქტია ეს და რამდენად ელით, რომ ის კანონის სახეს მიიღებს?
– ამ საკითხზე რაიმე დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია. იქ იმდენი პროცედურაა კიდევ გასავლელი, რომ ეს აქტი კანონად იქცეს, ალბათ, თვეები და უფრო მეტიც შესაძლოა, საჭირო გახდეს. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე რაღაცა მიიღეს და ამას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მისი როგორც კანონად ქცევას, ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს. შემდეგ კი ტრამპმა უნდა მოაწეროს მას ხელი. ამიტომ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება და ამაზე დასკვნების გამოტანა ძალიან ნაადრევია. არც იმის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ საქართველოს ბედს ტრამპი გადაწყვეტს. ვერავინ ვერაფერს გადაწყვეტს ქართველი ხალხის გარდა. ამიტომ “მეგობარ აქტზე“ და მსგავს სხვა საგარეო ფაქტორებზე ჩვენი შიდა პოლიტიკა არ უნდა ავაწყოთ. კი ბატონო, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ მის იმედად არ უნდა ვიყოთ.
– ძალიან დიდი მოლოდინია როდის შეიძლება აშშ-ის ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოსთვის მოიცალოს და რა სახის პოლიტიკა ექნება საქართველოს მიმართ ჯერჯერობით არავინ იცის. ტრამპმა საქართველო სულ ორჯერ ახსენა, ისიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან დაკავშირებით. თქვენი მოლოდინი როგორია, როდის შეიძლება კავკასია მისი ინტერესის ობიექტი გახდეს?
– ამ თემაზე საუბარი რომ ტრამპი ხვალ ან ზეგ მოიცლის და საქართველოსთან ან კავკასიასთან დაკავშირებით რამეს იტყვის, სუფთა წყლის სპეკულაციაა. ეს ზუსტად არავინ არ იცის. ახლა აშშ ადმინისტრაციის წინაშე ძალიან სერიოზული გამოწვევები და პრობლემები დგას. კავკასია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საკმაოდ აქტიური და მნიშვნელოვანი წერტილია. ამიტომ ეს საკითხები ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დადგება. მას ახლა უკრაინის ომის პრობლემა აქვს გადასაწყვეტი და მისი მთელი ყურადღება , რესურსი აქეთ არის მიმართული. ამიტომ ჯერჯერობით საქართველო და კავკასია არ დგას ამერიკის პრიორიტეტების სიაში. თუმცა როგორც კი უკრაინის ომის საკითხის მეტ – ნაკლებად გადაწყვეტა მოხდება, კავკასია მისი ყურადღების ცენტრში აუცილებლად მოექცევა. ხელისუფლებამ მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გააგრძელოს კომუნიკაცია და მუშაობა ახალ ადმინისტრაციასთან, რათა არსებული ეს რთული პოლიტიკური მდგომარეობა გაჯანსაღდეს. ამისთვის უნდა გადაიდგას ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
– ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ორი მოსამართლე დაასანქცირა და ასევე რამდენიმე დღის წინ გერმანიამ სანქციების პაკეტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო გააფართოვა. რა სახის ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ასეთი სახის სანქციები?
– დეტალებში არ შევალ რა სახის ზიანს მოუტანს ქვეყანას, რადგან არ მგონია ამაზე საუბარი ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო იყოს. თუმცა ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნიდან, მით უმეტეს შენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები როდესაც სანქციებს გიწესებენ, ძალიან ცუდია და ეს პირველ რიგში, ქვეყანას აზიანებს. მით უმეტეს, როდესაც ამხელა ქვეყნები აწესებენ სანქციებს, რა თქმა უნდა, ამას შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდან ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს. თავისი კოლეგა სახელმწიფოების შეფასებებს ხშირად ითვალისწინებენ.
– დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობის პარალელურად ხელისუფლება ახალ მოკავშირეებს ეძებს. ბოლო დროს პრემიერის ვიზიტებიც ამას ცხადყოფს. მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ჩინეთთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკის დაბალანსება და მხოლოდ დასავლეთთან არ უნდა გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობები. აუცილებელია სხვა ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობა. თქვენ როგორ უყურებთ ხელისუფლების ახალ საგარეო პოლიტიკას?
– ერთმანეთის ჯიბრით წარმართული პოლიტიკა წამგებიანია. არანაირ მოგებას არ მოიტანს პოლიტიკა, რომელიც ვიღაცის ჯიბრით უნდა გაატარო. კი ბატონო, ჩინეთთან გვჭირდება კარგი ურთიერთობა. ეს არის უზარმაზარი ქვეყანა, უდიდესი ეკონომიკით, რომელთანაც ჩვენ ისტორიული კავშირები გვაქვს. თუმცა ეს არ უნდა ვაკეთოთ იმიტომ, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანას პასუხი გავცეთ და მისი არაკეთილი განწყობის გამო ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავაზიანოთ. ეს უნდა იყოს კეთილგანწყობილი და კეთილმეზობლური ურთიერთობა და არა პარტნიორების ჩანაცვლების მცდელობა. დასავლეთი ჩვენი ისტორიული მოკავშირე და მეგობარია, ამიტომ მისი ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ირაკლი მენაღარიშვილი