ირაკლი ნადირაძე – ინიციატივას შემოუერთდა პარლამენტის 10, აჭარის უმაღლესი საბჭოს 4 და საკრებულოების 277 დეპუტატი, ასევე 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე

ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების შესახებ ინიციატივას პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს დეპუტატები და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები უერთდებიან.
როგორც ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ყველაფერი კეთდება “ნაციონალური მოძრაობის” გასაძლიერებლად, რადგან ძლიერი მთავარი ოპოზიციური პარტია სჭირდება ოლიგარქის დამარცხებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.
“მივესალმებით პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომელიც დათანხმდა ინიციატივას, რომ დაინიშნოს “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები და ასევე შიდა პარტიული არჩევნები.
ამასთან, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს ამ ინიციატივას შემოერთდა საქართველოს პარლამენტის 10 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 4 დეპუტატი და “ნაციონალური მოძრაობის” 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მთელი საქართველოდან საკრებულოს წევრები – 277 დეპუტატი და ახლა ყველა ეს ადამიანი რა თქმა უნდა, ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერთან ერთად ველოდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს პოლიტიკური საბჭოს არჩევნები, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ არჩევნების თარიღი და გადავწყვიტოთ, რა წესით ჩატარდება არჩევნები.
მხარდამჭრების ეს ციფრები არის მხოლოდ ერთი დღის მონაცემი და ეს რაოდენობა იზრდება საათობრივად. ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს მთავარი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რადგან ძლიერი “ნაციონალური მოძრაობა” სჭირდება ოლიგარქის დამარცხებას და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას”, – განაცხადა ნადირაძემ.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე




