ირაკლი ნადირაძე – სისხლის სამართლის საქმე მილიონობით ლარის ქონების გაფლანგვას ეხება და ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი კახი კალაძეა


ავტორი
Front News საქართველო
სისხლის სამართლის საქმე მილიონობით ლარის ქონების გაფლანგვას ეხება და ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი არის კახი კალაძე, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
“კახი კალაძე გაურბის კითხვებს, ამასობაში გრძელდება ჩვენი მოქალაქეების ქონების და თანხების ფლანგვა. ამაზე საუბრობს უკვე არა მხოლოდ ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ამ წუთებშიც თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილები გადამეტების ფაქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს 2 მუხლით – საქმე ეხება მილიონობით ლარის თბილისელების ქონების გაფლანგვას და ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი არის სწორედაც კახი კალაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დრომდე უარყოფს ამ ფაქტს, რომ თითქოს რაიმე გამოძიება მიდის პროკურატურის მხრიდან, ჩვენ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია ამის შესახებ“, – განაცხადა ნადირაძემ.
ის პროკურატურას ოპოზიციის სახელით მიმართავს და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მოითხოვს აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
“მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, გააკეთოს განცხადებები, რას ეხება და ვის ეხება მერიის მხრიდან აღნიშნული თანხების გაფლანგვა და დაკითხული ჰყავთ თუ არა კახი კალაძე და კახი კალაძის ტოტალიზატორის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსია და თუ არ ჰყავთ, როდის იგეგმება ამ ადამიანების გამოკითხვა“, – განაცხადა ნადირაძემ.
