ირაკლი ზარქუა – დანაშაულის უკან ვინც იქნება გამოკვეთილი პოლიტიკოსი, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული


ავტორი
Front News საქართველო
ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, უფლება არავის გვაქვს, მტკიცებით ფორმაში ვილაპარაკოთ, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ – ახალგაზრდაც, ძველგაზრდაც, დეპუტატიც, პრეზიდენტიც და ყველა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ლაზარე გრიგორიადისის საქმის კომენტარისას აღნიშნა.
“ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპა რატომ გვინდა? იქ კანონია უზენაესი და ყველა თანასწორი ვართ. თუ ამ ახალგაზრდას დაუმტკიცდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს და მშიშარებს. ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ და პასუხისმგებლობა მათზე წავიდა. თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს, ძალადობაში გადაეყვანათ თავისუფალი გამოხატვის უფლებები, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქნება, პასუხისგებაში იქნება მიცემული. დანაშაულის უკან ვინც იქნება გამოკვეთილი პოლიტიკოსი, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული“,- განაცხადა ზარქუამ.
ზარქუა ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასაც გამოეხმაურა.
“ჩემთვის ვიოლა ფონ კრამონი, კუბილიუსი და კიდევ რამდენიმე არასოდეს ყოფილან პოლიტიკოსები და არც იქნებიან, ისინი არიან ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტები. ევროპარლამენტში 10 ადამიანამდე დაიჭირეს და ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ თქვა, რომ ფულის აღებასა და კორუფციაში ეჭვმიტანილი 100 კაცამდე არისო. არ გამოვრიცხავ, მათ შორის იყვნენ დანარჩენებიც, ვინც ჩვენი ქვეყნის მეგობრები კი არა, “ნაცმოძრაობის“ მეგობრები არიან. ამის დემონსტრირება იყო, რაც ვიოლა ფონ კრამონმა იკადრა – გამოვიდა და “მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს მხარდაჭერა აღუთქვა. ეს აბა თავის ქვეყანაში გააკეთოს და რას უზამენ, ახალგაზრდებმა “მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციას ესროლონ, შემდეგ მათ მხარი დაუჭიროს და მერე დაჯდეს ევროპარლამენტში. აქ “მოსულა“ არა? საქართველოა? კეთილი ინებოს და პატივი სცეს ამ ქვეყნის ღირსებას, ავტორიტეტს, კულტურას, ხალხს და სამართლებრივ სახელმწიფოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
