ირაკლი ზარქუა – უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და არ იცის რა ქნას

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ვერასდროს მიაღწევს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას.
“ჩვენმა ხელმოცარულებმა ვაივიში დაიწყეს. ვგულისხმობ ოპოზიციას, რადიკალებს, ჩასაფრებული რომ არიან და უნდათ, ქვეყანა რამენაირად უბედურებას წამოაგონ, რაღაც შეცდომა დაუშვას, ქაოსი, დაძაბულობა შეიქმნას და საზღვარზე ვიღაც შემოგვივარდეს. ამაზე არიან აქცენტირებულები და ჩასაფრებულები. დღის მეორე ნახევარში მათი შერბილებული ტონი სასაცილო იყო. ჯერ მოუწოდებდნენ, აბა, ჯარები განათავსეთ, უშიშროების საბჭო მოიწვიეთო. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს აჰყვა პრეზიდენტიც. უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და არ იცის რა ქნას. ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ამას დავუპირისპირეთ გონიერება, სიმშვიდე. ხელმოცარულების ნაწილი ლექსებს უძღვნიდა პრიგოჟინს, ერთ მოძალადეს და ოკუპანტს. მეორე ოკუპანტი, რომელიც რუსეთი და პუტინია, მათ შორის არჩევანს აკეთებენ. ესენი აქცენტირებული არიან, ჩვენს საზღვრებზე ვითარება დაიძაბოს. რატომ? ვინაიდან ნაწილი, წლებია, რუსეთიდან ფინანსდება, ფედერალური ბიუჯეტიდან, უძრავ ქონებას ყიდულობენ, გამდიდრდნენ და მეორე ნაწილი გავლენის აგენტები არიან. მათი ამოსავალია, ვითარება დაიძაბოს, რადგან არჩევნებით ვერ მოდიან და იქნებ ამით სცადონ. ამას ვერასდროს მიაღწევენ, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს კვალიფიციური, გონიერი და ქვეყნის ინტერესებზე აქცენტირებული ხელისუფლება. ჩვენ ამ იმპულსებით, საფრთხის შემცველი განცხადებებით თუ ქმედებებით არასდროს გამოვირჩეოდით და არც მომავალში ვიქნებით.
ჩვენ ყოველთვის ვიცით, რა, როგორ და რანაირად, რათა ჩვენი ქვეყანა არ გავრიოთ ამ ტრაგედიებსა და უბედურებაში, რაც რეგიონში ხდება. ამ ხელმოცარულების, ვგულისხმობ ოპოზიციას, ამოცანაა, აქედან ჩართული ვიყოთ და მეორე ფრონტი გაიხსნას, მაგრამ ვერასდროს მიაღწევენ ამას. ქართველი ხალხის ნებაა, იყოს სიმშვიდე, საქართველო ომს არ შეუერთდეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ, სიმშვიდესთან ერთად, მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობას მივაღწიოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა




