“ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე”


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით და თანხმობით, გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით. უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.
„ჩვენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიარეთ რეფორმასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები, გავმართეთ დისკუსიაც ამ თემაზე. აქვე, გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „გირჩზე“. ისინი, ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, ეს იყო როგორც საჯარო, ასევე პირად საუბრებშიც. შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, ჩვენ ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების, ანუ მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან სამ პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, – რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის“ ამ პოზიციას და პირობას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს მათი პოზიციაც ამ საკითხზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს