ISFED – გახარიას პარტიის წევრების მიმართ შეინიშნებოდა როგორც სავარაუდო ზეწოლის, ასევე, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები


ავტორი
Front News საქართველო
“სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ანგარიშის თანახმად, რომელიც 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, არაოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდში გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის“ წევრების მიმართ შეინიშნებოდა როგორც სავარაუდო ზეწოლის, ასევე, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ პერიოდში სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების 7, ხოლო სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 2 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 2 შემთხვევა გიორგი გახარიას პარტიის წევრებს ეხებოდა.
“16 ივლისს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვისცენტრის საწყობის გამგეს პაპუნა ასათიანს სამსახურის უფროსმა გია ბასილაძემ სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, მიზეზად კი შვილის პოლიტიკური არჩევანი დაუსახელა. უფროსმა ასევე განუცხადა, რომ თუ ნებით არ წავიდოდა, მას არ გაუჭირდებოდა სამსახურიდან გაშვების მიზეზის მოძებნა. პაპუნა ასათიანის შვილი ამჟამად პარტიის „საქართველოსთვის“ წევრია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვისცენტრის უფროსი, გია ბასილაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისს ხელმძღვანელობდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა გია ბასილაძეს, რომელმაც ასათიანის ნათქვამს „აბსოლუტური სიცრუე” უწოდა. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ფაქტით დაინტერესების შემდეგ, ასათიანის მიმართ მუქარა შეწყდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
მეორე შემთხვევა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას/მუქარას/ხელის შეშლას ეხება. საუბარია 26 ივნისს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც პარტიას მესაკუთრემ ოფისისთვის ნაქირავები ფართის დატოვება მოსთხოვა, მიზეზად კი “ნაციონალურ მოძრაობასთან” გახარიას შესაძლო კავშირის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაასახელა.
“პარტიის „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ოფისის მეპატრონე ხმამაღლა აცხადებდა ნდობასა და მხარდაჭერას მათ მიმართ. პარტიაში „საქართველოსთვის“ მიჩნევენ, რომ ფართის მესაკუთრე ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, დავის გარეშე დატოვეს ტერიტორია. ფართის მესაკუთრემ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარი არ ისურვა“, – აცხადებენ ISFED-ში.
ISFED-ის თანახმად, არაოფიციალურ წინასაარჩენო კამპანიაში ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის დომინირება შეიმჩნეოდა, რაც მათ შორის გამოიხატებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური დაპირებებით.
„ოპოზიციურ პარტიებს შორის აქტიური იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის“ კამპანია, რომელიც ძირითადად რეგიონებში ოფისების გახსნითა და ამომრჩეველთან შეხვედრით შემოიფარგლებოდა. ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატები საჯაროდ უკვე წარადგინა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატები და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
თაგები:
გიორგი გახარია