Logo

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა

პოლიტიკა
231
Frontnews image description

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ევროპარლამენტარ ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების ჩართვას საქართველო-იტალიის გაცვლით პროგრამაში. პროექტი 1997-2007 წლებში მოქმედი მოდელის მსგავსი იქნება, რომლის ფარგლებშიც ასობით დევნილმა ახალგაზრდამ შეძლო იტალიაში გამგზავრება და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა.

დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქართულ-აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც სხვადასხვა ფორმატის პროექტებით განხორციელდება.

"ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თავად ვიყავი მისი მონაწილე და პირადი გამოცდილებით ვიცი, თუ რაოდენ დიდი როლი აქვს მსგავს ინიციატივებს მოზარდების განვითარებისთვის.

ამ პროექტის აღდგენა უმნიშვნელოვანესი გზავნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტია, მათ განვითარების მეტი შესაძლებლობა და ევროპული პერსპექტივები შევთავაზოთ", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ევროპარლამენტარის თქმით, გიორგი ჯინჭარაძესთან შეხვედრამ მას წლების წინანდელი გამოცდილება გაახსენა.

"ჩემთვის დიდი პატივია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან შეხვედრა, რომელიც მახსენებს წლების წინანდელ გამოცდილებას, როდესაც სიცილიელმა ოჯახებმა აფხაზეთიდან დევნილ ასობით ბავშვებს უმასპინძლეს. გიორგი ერთ-ერთი იყო ამ ბავშვებიდან. მიხარია, როცა ვფიქრობ, რომ სტუმართმოყვარეობის ეს ჟესტი გადაიქცა ბევრი ახალგაზრდისთვის შესაძლებლობად", - განაცხადა ლეოლუკა ორლანდომ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მადლიერების ნიშნად, წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის ევროპარლამენტარი მადლობის სიგელით დააჯილდოვა, ლეოლუკა ორლანდომ კი გიორგი ჯინჭარაძეს საჩუქრად გადასცა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც ევროპარლამენტარის საქართველოში ვიზიტსა და საქართველო-იტალიის მეგობრულ ურთიერთობებს ეძღვნება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა, საქართველოს საპატიო კონსული სიცილიის რეგიონში ლეონარდა ამელა, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები