იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მუხლობრივად განიხილა


ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა "პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად, რომელიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
"ცვლილებები ითვალისწინებს საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას და იმ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენას, რომელიც პრინციპების სახით საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი განმარტებით, ცვლილებები განხორციელდა მე-2 მუხლის მე-6 პუნქტში, სადაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, დამატებულია პროკურატურის უფროსი მრჩეველი.
ცვლილების თანახმად, გენერალურ პროკურორს სრულად ექნება დისკრეცია პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება განახორციელოს.
ასევე, ცვლილებით, პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. ამავდროულად, შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს გენერალური პროკურორი, შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით.
კანონს ემატება მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმებას, მის შედეგებს და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
"შემოთავაზებულია, რომ 2025 წლის 1 ივლისამდე, ის თანამშრომლები, რომლებიც გენერალური პროკურორის წინაშე, წერილობით თანხმობას განაცხადებენ შესაბამისი კონკურსის გარეშე გადავლენ გენერალურ პროკურატურაში და დაიკავებენ ტოლფას თანამდებობას. ხოლო ის პირები, რომლებიც თანხმობას არ განაცხადებენ, კომპენსაციას მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და ჩაირიცხებიან მოხელეთა რეზერვში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კომიტეტმა მეორე მოსმენით განხილულ საკითხს მხარი დაუჭირა.
თაგები:
არჩილ გორდულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს