იუსოვი – ბორტზე რუსი ოფიციალური პირები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ბოლო მომენტში FSB-მ მათ თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ილ-76-ის ბორტზე შეიძლება ყოფილიყო როგორც რაკეტები, ასევე ადამიანები. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინელი ტყვეები საბრძოლო მასალის გადასატანად ცოცხალ ფარად გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ადრე გაცვლის დროს საჰაერო ტრანსპორტიც გამოიყენებოდა უკრაინელ ტყვეთა გადასაყვანად, განსაკუთრებით ბოლო დიდი გაცვლის დროს. იუსოვის თქმით, მაშინ რუსეთმა თვითმფრინავის გამოყენების შესახებ განაცხადა, ამჯერად კი ავიაციასთან დაკავშირებით არანაირი წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნა არ გაუკეთებია.
მანვე აღნიშნა, რომ ილ-76-ის ბორტზე შეიძლება ყოფილიყო როგორც რაკეტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, ასევე ხალხი.
“ბორტზე შეიძლება ყოფილიყო როგორც რაკეტები S-300 კომპლექსისთვის, ასევე ხალხი. ჩვენ ვსაუბრობთ დიდ სამხედრო თვითმფრინავზე. მხოლოდ მესამედი იყო დატვირთული, მათი სიტყვებიდან გამომდინარე. ჰქონდა თუ არა აზრი კონკრეტულად ამ ბორტის გამოყენებას? ასევე პარალელურად მასთან ერთად, გვერდით სივრცეში იყო სხვა თვითმფრინავები – AN-26 და AN-72. არსებობს მრავალი გარემოება, რომელიც მოითხოვს გამოძიებას და მაქსიმალურ შესწავლას”, – განაცხადა იუსოვმა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ, რომელსაც ტყვეები გადაჰყავს, უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება, მათ შორის ტრანსპორტირების დროს. დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა პირობები.
“ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ნებისმიერი სცენარი, მათ შორის მიზანმიმართული პროვოკაცია, ასევე უკრაინელი სამხედრო ტყვეების გამოყენებით, ფაქტობრივად, როგორც ცოცხალი ფარი საბრძოლო მასალისა და სარაკეტო სისტემებისთვის იარაღის ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც ანადგურებენ უკრაინის ქალაქებს“, – განაცხადა იუსოვმა.
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინულმა დაზვერვამ ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ გაარკვია, რომ თვითმფრინავის ბორტზე რუსი ოფიციალური პირები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ბოლო მომენტში FSB-მ მათ თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა.
“ბორტზე ნამდვილად უნდა ყოფილიყვნენ აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური წარმომადგენლები. მათი ვინაობა ცნობილია და დასახელდება, მასალები კი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში იქნება მოწოდებული. მაგრამ ბოლო მომენტში, FSB-მ ფაქტობრივად უბრძანა მათ არ ჩამსხდარიყვნენ ამ თვითმფრინავში და გამოეყენებინათ ტრანსპორტის სხვა საშუალებები. ეს ინფორმაცია უკვე დაზუსტდა მოვლენის შემდეგ“, – განაცხადა იუსოვმა.
მისი თქმით, ბელგოროდის ადგილობრივ მორგში მხოლოდ ხუთი ცხედარი გადაასვენეს.
ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა თვითმფრინავი თავად ჩამოაგდო – ერთი ვერსია ის არის, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს შესაძლოა, უკრაინული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი სამიზნედ აღექვა, მაგრამ მათ დაუშვეს შეცდომა და მათივე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
დაზვერვის ოფიცერმა აღნიშნა, რომ ილ-76 სამხედრო თვითმფრინავია და მასში ტყვეები არ უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, მან კომენტარი არ გააკეთა იმ უკრაინელი ტყვეების სიებზე, რომლებიც რუსებმა გამოაქვეყნეს.
24 იანვარს რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა. უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავს S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტები გადაჰქონდა.
ამავდროულად, რუსეთი ამტკიცებს, რომ თვითმფრინავში 65 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა. რუსები უკრაინას თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში დაადასტურეს, რომ გაცვლა ნამდვილად გუშინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ ადასტურებს განცხადებას, რომ თვითმფრინავში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების სიცოცხლით თამაშობენ და მომხდარზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა ბელგოროდში ილ-76-ის ჩამოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე – ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის მუხლით.
თაგები:
ბელგოროდი