JTEC-ში "ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“, რომელსაც ქართული მხარე ხელმძღვანელობს, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარეობს.
დღეს JTEC-ის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მაღალი დონის სტუმრებისთვის სწავლების საჩვენებელი დღე გაიმართა. სწავლების პროცესის გასაცნობად JTEC-ში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, მაღალი დონის სტუმრები ნატოს შტაბბინიდან, ნატოს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბიდან (SHAPE), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობიდან (LANDCOM) და ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრიდან (JFTC).
სწავლების მიმდინარეობას გაეცნენ ასევე, საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები. სტუმრებს JTEC-ში სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბის (SHAPE) სამხედრო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა მარტინ რემესმა. მათ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში სწავლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სწავლება ხელს უწყობს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს გააუმჯობესონ ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებები.
"ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ში ჩართულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული 6 ინიციატივა: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სამხედრო საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები, ასევე, სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია. სწავლების მიმდინარეობის ფარგლებში, SNGP-ის ეგიდით ნატოელი ექსპერტების მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის შეფასება ხორციელდება.
საჩვენებელ დღეზე სტუმრები სწავლების სრულ სიტუაციურ სურათს გაეცნენ და სწავლების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს. სიმულაციური სცენარის მიხედვით, სწავლების სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყნის სამხედროებთან ერთად კრიზისის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის ამოცანებს ასრულებენ.
სწავლებაში სამეთაურო-საშტაბო ნაწილთან ერთად ინტეგრირებულია საველე კომპონენტიც, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს JTEC-ის შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის მიმართულებით და ხელს უწყობს კოორდინაციის დახვეწას.
