ჯუანშერ ბურჭულაძე – ეს შეეხება სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას, შეიძლება საერთოდ არ შეეხოს სტუდენტებს, ან თუ შეეხება, დღევანდელი გადასახედიდან ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა სტუდენტების

ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის კოდექსი აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი, უფრო მდგრადი თავდაცვისუნარიანობა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს ყველა იმ სამართლებრივ ნორმასა და აქტს, რაც აქამდე არეგულირებდა აღნიშნულ სფეროს.
“დღეს ოპონირება მიმდინარეობს და საზოგადოებას უნდათ დაანახონ ჩვენი ახალი კოდექსი, როგორც ტოტალური გაწვევა, ეს ასე არ არის. პირიქით, ეს აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი, უფრო მდგრადი თავდაცვისუნარიანობა”, – განაცხადა მინისტრმა.
მისი განმარტებით, ყოველ წელს დადგინდება გასაწვევი პირების სამიზნე რაოდენობა და ეს არ შეეხება ყველა სტუდენტს.
“ეს შეეხება უპირველეს ყოვლისა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს სხვა საფუძველი სავალდებულო ჯარისგან გათავისუფლების. შემდეგ გადავალთ იმ კატეგორიაზე, რომელიც შეიძლება ასევე პოტენციურად მოიაზრებოდეს როგორც პოტენციური რეზერვი. ეს შეეხება სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას, შეიძლება საერთოდ არ შეეხოს სტუდენტებს, ან თუ შეეხება, დღევანდელი გადასახედიდან ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა სტუდენტების“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოსწორდება არსებული ხარვეზები: „შენიშვნა, რომ ჩვენ თითქოს ვცდილობთ საზოგადოების ნაწილს ექსპლუატაცია გავუწიოთ, დღეს უფრო რელევანტური იქნებოდა. პირიქით ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვასწოროთ ეს საკითხი და ყველა სამხედრო მოსამსახურემ სავალდებულო ჯარი მოიხადოს თავდაცვის სამინისტროში“.
მინისტრის განცხადებით, ეს ემსახურება მთავარ მიზანს, რომ შეიქმნას ქვეყნისთვის რეზერვი, რომელიც გამოდგება ზუსტად ამ ამოცანისთვის.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე




