კადეტთა სამხედრო ლიცეუმის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის 15 წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პირად შემადგენლობას სიტყვით თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართეს.
უწყების ხელმძღვანელებმა ლიცეუმის წარმომადგენლებს, კადეტებს და მათი ოჯახის წევრებს სასწავლებლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი სამხედროების განათლების მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტია.
მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ლიცეუმის მხარდაჭერას და კადეტების საუკეთესო საცხოვრებელი, ასევე სასწავლო პირობებით უზრუნველყოფას. ამ მიზნით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ახალი ყაზარმის მშენებლობა მიმდინარეობს.
თავდაცვის ძალების მეთაურმა კადეტთა სასწავლებლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება; ლიცეუმის დირექტორმა კი, ისაუბრა უწყების წარმატებულ საქმიანობაზე, რაც მის მიმართ მზარდ ინტერესს განაპირობებს.
პირველკურსელმა კადეტებმა წაიკითხეს "კადეტთა მრწამსი". ღონისძიების დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
ლიცეუმის მასწავლებლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურით, მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კადეტთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეები კონკურსის წესით მიიღებიან. მოსწავლეებმა, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და ჩააბარონ გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში.
თაგები:
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს