Logo

კახა გოგოლაშვილი - როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მოსკოვი აუცილებლად ეცდება აფხაზეთის და ცხინვალის რუსეთში პოლიტიკურ ინტეგრაციას

პოლიტიკა
156
Frontnews image description

როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მოსკოვი აუცილებლად ეცდება აფხაზეთის და ცხინვალის რუსეთში პოლიტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი არ აპირებს რაიმე სახის დათმობას აფხაზეთის სტატუსთან მიმართებაში.

"ეს თემა ყოველთვის აქტუალურია, აფხაზეთზე ყოველთვის უსვამენ პუტინს კითხვებს და ყველა პასუხში ჩანს, რომ რუსეთი არ აპირებს რაიმე სახის დათმობას აფხაზეთის სტატუსთან მიმართებაში. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, რუსეთი აუცილებლად ეცდება აფხაზეთის და ცხინვალის რუსეთში პოლიტიკურ ინტეგრაციას.

რუსეთი არ არის სტატუს-კვო ძალა. ის თუ უკრაინაში ამხელა ომს აწარმოებს ტერიტორიების წასართმევად და მისათვისებლად, რა თქმა უნდა, იქ, სადაც შესაძლებელია, რომ მან შედარებით მარტივად შთანთქოს რაიმე ტერიტორია, სრულიად მოსალოდნელია, რომ ეს იყოს საქართველოს ეს ნაწილები. რუსეთს, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ საქართველოც იყოს საქართველოს ნაწილი ან სტაბილური ბუფერული სატელიტი სახელმწიფო, მაგრამ გააკეთებს იმას, რაც შესაძლებელია.

ჩვენ უკრაინის მაგალითზეც კარგად ვხედავთ, რომ რუსეთი ისახავს უფრო გლობალურ მიზნებს, მაგრამ ყოველთვის აქვს უფრო სხვა მიზნებიც გადანახული, მაგალითად, თუ უკრაინის სრული დამორჩილება იყო მისი მიზანი და ამას ვერ აღწევს, უნდა, რომ იმას მაინც მიაღწიოს, რომ რაღაც ტერიტორიები წაართვას. ზუსტად იგივე მიდგომა აქვს საქართველოსთან - ჯერჯერობით ხედავს, რომ ვერ ახერხებს, თუმცა ვითარება ისე იცვლება, რომ არ ვიცით, რას იზამს საქართველოს ხელისუფლება, როგორ გარიგებებზე წავა რუსეთთან", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "ყოველი მეორე, ან ყოველი მესამე ადამიანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა აფხაზეთში, რასაც განსაკუთრებული გრძნობით ეკიდებიან".

Advertisement