Logo

კახა კალაძე - BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ

პოლიტიკა
29
Frontnews image description

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ,  - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ქართველ ჟურნალისტებთან, BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ. 

"ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე - თუ კი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული.

არ ვიცი, საერთოდ ღირს, თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომლებიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. 

BBC წერს, რომ მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.

Advertisement