Logo

კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე ჩქეფდეს თბილისის ქუჩებში, სავსე იყოს სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები ხალხით

პოლიტიკა
202
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე განაგრძობს წინასაარჩევნო შეხვედრებს. დღეს, კახა კალაძე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები.

დედაქალაქის მერმა შეკრებილ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წელში გაგრძელდება ისეთივე პროექტების განხორციელება, რომ მოსახლეობისთვის მეტი კომფორტი შეიქმნას.

„ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე ჩქეფდეს თბილისის ქუჩებში, სავსე იყოს სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები ხალხით. ჩვენი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით, მასშტაბური სამუშაოებით შესაძლებელია ამ ყველაფრის მიღწევა. ჩვენ გავაგრძელებთ ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია-განახლებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რომ დედაქალაქში გადაადგილება ყველაზე სწრაფი იყოს. რვა წლის განმავლობაში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი მთლიანად განვაახლეთ. ხომ გახსოვთ, როგორი გაუბედურებული ტრანსპორტი დადიოდა თბილისში, რა მდგომარეობაში იყო გამზირები, ქუჩები. ცხადია, ჯერ ყველგან ვერ მივედით, მაგრამ წინ გვაქვს მასშტაბური გეგმები განსახორციელებელი, რათა გაგრძელდეს თბილისის განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლების მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ემსახურება იმ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარების პროცესში.

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - არ არის მხოლოდ ჩვენი საარჩევნო სლოგანი. ჩვენი ყოველდღიური გადადგმული ნაბიჯები ემსახურება იმ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, რადგან სხვანაირად ვერ იქნება ქალაქის განვითარების გეგმებზე საუბარი. ჩვენ ვემსახურებით ქართველი ხალხის ინტერესს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ეს არის ის თავისუფლება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლისა და ბრძოლის ფასად მოიპოვეს და ამას გაფრთხილება სჭირდება ყოველდღიური მუშაობით და თუნდაც ბრძოლით. თავისუფლებს და დამოუკიდებლობაზე ძვირფასი არაფერია.

პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, არის პროქართული. ჩვენ ვემსახურებით, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მათ ინტერესებს ვიცავთ, რათა ვიღაცამ გარედან თითის დაქნევით არ გვესაუბროს. ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება მიუღებელია. ჩვენს წინა თაობებს ამისთვის არ უბრძოლიათ. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, თანამოაზრეები, მაგრამ ვიღაცამ თითი გვიქნიოს და დაგვავალოს ისეთი რამის გაკეთება, რაც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს, ეს მეგობრობა არაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრას თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement