კახა კალაძე – ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას


ავტორი
Front News საქართველო
“ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძე გამოეხმაურა სუსის განცხადებას, რომელიც საქართველოში რევოლუციური სცენარის მომზადებას ეხება. მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტის უკან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დგას.
“რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი და მძიმე ფაქტია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს მტრებს გააჩნიათ. თუმცა, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ამ ყველაფერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.
უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც პარალელური დათვლები გაყალბდა. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება USAID-ის მხრიდან ხორციელდებოდა. ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც ამ ორგანიზაციის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, აუცილებლად გვჭირდება და ველოდებით ახსნა-განმარტებებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე