Logo

კახა კალაძე - გარე აქტორების მხრიდან ვერ იმართება ჩვენი ქვეყანა, ქვეყანას მართავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია

პოლიტიკა
166
Frontnews image description

"გარე აქტორების მხრიდან ვერ იმართება ჩვენი ქვეყანა. დღეს ქვეყანას მართავს საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევის პორტის ამოღებას უკავშირდება.

მისი თქმით, ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში შანტაჟისა და მუქარის ქვეშაა, რომლის საფუძველიც გარე აქტორებს არ გააჩნიათ.

"არანაირი ფაქტი არ არსებობს. ესეც ერთ-ერთი მექანიზმია, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ. ჩვენი ქვეყანა არის შანტაჟის, მუქარის ქვეშ. ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერ მოგვისმენია რეზოლუციები, სანქციებთან დაკავშირებით განცხადებები, თუმცა ამ ყველაფრის უკან არ არის არანაირი ფაქტი, რაზე დაყრდნობითაც აღნიშნული განცხადებები კეთდება. თუნდაც, როდესაც ამ კონკრეტულ საქმიანობაზე აწესებს სანქციებს, საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს? რაღაც კონკრეტიკა და ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს, თუმცა არ არსებობს. უბრალოდ გადაწყვეტილებებს იღებენ, ქვეყანას აშანტაჟებენ. ვიცით, რა არის ამ ყველაფრის უკან - პირველი, რომ ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი და არ შევუერთდით იმ უბედურებას, რაც უკრაინაში ხდება. ასევე, არ მივუერთდით სანქციებს, რაზეც გახსოვთ, როგორი მოთხოვნები იყო. გარე აქტორების მხრიდან ვერ იმართება ჩვენი ქვეყანა. დღეს ქვეყანას მართავს საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რომელიც არ აწყობთ და არ მოსწონთ იმ გარე აქტორებს, რომლებიც ჩართულები არიან პროცესში და ებრძვიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებები უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტიკას და წარმოდგენებზე დაფუძნებით არ უნდა კეთდებოდეს.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საუბარია სანქციებზე, რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს კონკრეტიკაც და არა აღქმებსა და წარმოდგენებზე დაფუძნებული განცხადება. ეს ხომ თამაში არ არის? გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ქვეყანასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ყველას გააჩნია თავისი ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით. არავინ იფიქროს, რომ ვინმე უცხოელი ჩამოვა და საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებს დაიცავს. ეს არის ტყუილი. ჩვენ ქართველებმა უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, პატივი უნდა ვცეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. თუ ამას არ გავაკეთებთ, გარედანაც არ იქნება პატივისცემა. მიდის შემოტევები, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელიც დაიცავს ქვეყნის ინტერესებსა და მის ხვალინდელ დღეს“,  - განაცხადა კალაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები