კახა კალაძე - მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს

ავტორი
Front News საქართველო
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს.
მანვე განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები უფასო სასადილოებს სანიტარიული კუთხით აფასებენ, დანარჩენ საკითხებს კონტრაქტორი კომპანიები კურირებს.
"დედაქალაქში 64 უფასო სასადილო გვაქვს. დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდა. პროდუქციის მიღება-ჩაბარება, ბენეფიციართა აღრიცხვა და სხვ. სწორედ კონტარქტორ კომპანიას ევალება. ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ დანაშაულში შემჩნეული, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა - დააკავებდნენ მათ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს.
"მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. 30 000-მდე თანამშრომელი მუშაობს მუნიციპალიტეტის მერიაში. თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა. დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. უწყებებს აქვთ შესაბამისი მიმართულება. ყველა ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე




