კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და პასუხი უნდა აგოს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან ამ ყველაფრის გამო, პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააჩნია, რომლის შესახებაც არაერთხელ ისაუბრა.
“ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ იქნა გაჟღერებული. როდესაც ადამიანს აქვს ძალიან მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა?! რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს, როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი – ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები, ახალგაზრდები, გაანადგურა სრული ამ სიტყვისმნიშვნელობით, ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგვწონდა?! ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა და მსგავსი დამოკიდებულება“, – განაცხადა კალაძემ
რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე პასუხობს, რომ როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება, პენიტენციური სისტემა ისევე იმოქმედებს, როგორც ეს სხვა პატიმრების შემთხვევაში ხდება.
“ძალიან ბევრი განცხადება მაქვს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით. ძალიან მარტივად არის საქმე – თუ რაიმე აუცილებლობა იქნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება მძიმე, როგორც სხვა პატიმრებთან მიმართებაში, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
