კახა კალაძე – პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ, ეს არის თავდაცვა იმ ძალადობისგან, რასაც თქვენ კადრულობთ


ავტორი
Front News საქართველო
ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ტელევიზიების მხრიდანაც, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ტელევიზიების მხრიდანაც, რაც სამწუხაროა. განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ასე შემდეგ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ძალადობა არის მიუღებელი. იგივე პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებები, შეურაცხყოფა, თუნდაც პრეზიდენტთან მიმართებაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება. რეალურად, ორმაგი სტანდარტია.
თქვენ არ გაინტერესებთ ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა, თქვენ გინდათ, ეს გამოიყენოთ პოლიტიკურად, ტელევიზიებს ყველაფერში ორმაგი სტანდარტი გახასიათებთ. ვფიქრობ, ეს არის ფარისევლობა, რადგან როცა ხდება ამგვარი ფაქტები, უნდა დააფიქსიროთ თქვენი გულისტკივილი და პროტესტი. არ მახსოვს შემთხვევები, რომ გამოსულიყავით და გაგეპროტესტებინათ ამგვარი ქმედებები. თუნდაც ერთ-ერთი აქციის დროს, როდესაც იყო მცდელობა პოლიციელების დაწვის, არ მახსოვს, გაგეპროტესტებინათ, პირიქით, მცდელობა გაქვთ, რომ წაახალისოთ ეს ყველაფერი და გმირებად გამოაცხადოთ ასეთი ადამიანები, ეს ძალიან გამაღიზიანებელია. ჩემი კოლეგების, პარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები ტელევიზიების საშუალებით და გამოყენებით იგივე ძალადობაა. როცა კონკრეტულ შეკითხვაზე არ მაქვს სურვილი, რომ გაგცეთ პასუხი, ამ დროს როგორ იქცევიან ჟურნალისტები? ის, რასაც ტელევიზიები აკეთებენ, ჩვეულებრივი ძალადობაა, რასაც ვგმობ და მიუღებელია.
როდესაც შენ ტელევიზიას იყენებ ამგვარი ქმედებებისთვის და ხარ ჟურნალისტი, ხარ კონკრეტული ტელევიზიის დამფუძნებელი, ეს არის ძალიან მძიმე და პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ თქვენ ძალადობაზე, ეს არის პასუხი იმ ძალადობაზე, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის თავდაცვა იმ ძალადობისგან, რასაც თქვენ კადრულობთ“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
თაგები:
კახა კალაძე