კახა კალაძე - პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ამის შესახებ მან ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული იმ კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობას ასახავს.
“რა ფაქტიც ვნახეთ, ძალიან ცუდია, ვერ უძლებს კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება. სამივე ადამიანი, როგორც შსს-ს განცხადებაში ვნახეთ, პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, გენერალურმა ინსპექციამ შესაბამისი მტკიცებულებები მოიპოვა, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, კონკრეტული ტელევიზიის ქმედება საკითხის მანიპულირებით და საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევით აიხსნება.
“მეორე სამწუხარო ფაქტია, რომ კონკრეტულმა ტელევიზიამ ეს იცოდა, შესაბამის უწყებას მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია და მიზანმიმართულად არ გაავრცელეს. მიზეზი მარტივი ასახსნელია - უნდოდათ, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოეწვიათ. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რიგი ტელევიზიები გარკვეული საკითხით მანიპულირებენ. ამ ტელევიზიებს მორალი არ მოეთხოვებათ. ვიცით მათი დღის წესრიგი - ყოველდღიური ტყუილი, ცილისწამება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე




