Logo

კახა კალაძე - საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული

პოლიტიკა
203
Frontnews image description

"ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გაეროში, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ დაგეგმილ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე წარადგენს.

მისი შეფასებით, იმ სანქციებს, რომლებიც თუნდაც ალექსანდრე დარახველიძეს რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ დაუწესა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

"ვიცით, როგორ წესდებოდა სანქციები. ისინი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იყო, სინამდვილეში კი არცერთი მათგანი შინაარსობრივად გამართული არაა. არანაირი არგუმენტი და საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველოში ვინმე ყოფილიყო დასანქცირებული. ასევე ბევრჯერ ვნახეთ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში რატომ კეთდებოდა განცხადებები - ვიღაცა ამაში იხდიდა თანხას, რომელიც დაფარული იყო ვითომ ლობიზმით, სინამდვილეში კი ფულს იღებდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა „გაეშავებინათ“. ფარას დოკუმენტში ეს ყველაფერი აღწერილია და საზოგადოებისთვის ცხადი და ნათელია. თუნდაც იმ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით, ვინ გამოვიდა უცხოეთიდან და ვინ ისაუბრა სიმართლე, რა ხდებოდა და როგორი ძალადობა იყო? გინახავთ რომელიმე ერთი უცხოელი მაინც გამოსულიყოს და ეს დაეგმოს ან აღნიშნულთან დაკავშირებით გაეკეთებინოს განცხადება? ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ხედავს ყველაფერს, რა პროცესები მიდის და როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ; რეალურად ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, იმ კრიტიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით ისმის, არანაირი არგუმენტი არ გააჩნია.

"ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული, ამას ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია, ვინც სწორად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და არ აქვს პოლიტიკური მოტივები, რა თქმა უნდა, დაადასტურებს. გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე საქართველოში ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თვალსაზრისით. მაშინ, იმ პერიოდს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და ის, რაც საქართველოში დღეს ხდება, ამბობენ, რომ თითქოს დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანამ უკან დაიხია. ეს ხომ ძალიან დიდი სისულელე და ტყუილია? ხალხი ამას ხომ ხედავს? საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე გამოცადა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, რა იყო 2012 წლამდე და რა მდგომარეობაა დღეს. ამიტომ, ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ, ძალიან ხშირად გაგვიკრიტიკებია და ამ კრიტიკას აქვს საფუძველი. ხშირად ვამბობთ, რომ მსგავსი განცხადებები ტყუილია იმიტომ, რომ რეალურად არანაირი არგუმენტი არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები