Logo

კახა კალაძე – სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ

პოლიტიკა
19.10.2022 / 12:36
Frontnews image description

კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.

 

“რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს? ამ კითხვას პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადადაც, მზად ვარ, თუ ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე.

 

ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია.

 

იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები.

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტრაგედიის დღიდან დაწყებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევარსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი და მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს.

 

ახლა კი, მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.

 

სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია.

 

თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული. ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს”, – განაცხადა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები