კახა კალაძე – ვიღაც უცხოელი კუბილიუსი თუ ვინმე მისი მსგავსი, ევროპაში დაუჭერს მხარს ამით გამარჯვებას მიაღწევენ თუ რა მოხდება?


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას პირველ რიგში ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს და არა უცხოელი პარტნიორების.
ამის შესახებ მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დასავლეთის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.
“არ დავიწყებ რამის სწავლებას, ეს მათი არჩევანია, თუმცა ნახეთ, რამხელა უბედურების წინაშე დგანან ეს ადამიანები: ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ და გაუანალიზებიათ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, რა გაუკეთეს ქვეყანას და ამ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს. არც იმის ჩამოთვლას დავიწყებ, როგორი მმართველობა იყო. ეს დღესაც ვერ გაუაზრებიათ. ნახეთ თუნდაც მათი განცხადებები – „მხარს არ დაუჭერს დასავლეთიო“. დასავლეთმა კი არა, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი, პოლიტიკოსი რომ ხარ და პოლიტიკური პარტია რომ გაქვს. ეს არის მიმანიშნებელი იმისა, რომ ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ რა ხდება ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკაში და დამოკიდებული არიან ჩვენს ე.წ. მეგობრებზე, უცხოელ პარტნიორებზე და რა ამით? ვიღაც უცხოელი კუბილიუსი თუ ვინმე მისი მსგავსი, ევროპაში დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს ქართულ ოპოზიციაში არიან, ამით გამარჯვებას მიაღწევენ თუ რა მოხდება? რისი მანიშნებელია?“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებაში წარმოდგენილ გუნდს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, რომელიც პოლიტიკური პარტიის წარმატების განმსაზღვრელი უპირველესი ნიშანია.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერაა პირველი. დღეს „ქართული ოცნება“ რატომ არის ასე ძლიერად წარმოდგენილი? იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს იმ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია – გუნდი, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თაგები:
კახა კალაძე

კახა კალაძე – გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია

კახა კალაძე – ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი ხალხის მხარდაჭერაა

კახა კალაძე – თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციური გზით და მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს, ძალიან ცდება