კახა კინწურაშვილი – მე შეიძლება ითქვას, დავკარგე პროფესია, რადგან ამ 100 დღის განმავლობაში პროფესიიდან გამოვედი


ავტორი
Front News საქართველო
მე შეიძლება ითქვას, დავკარგე პროფესია, რადგან ამ 100 დღის განმავლობაში პროფესიიდან გამოვედი. ჩემი მაყურებელი ქუჩაში დგას და მე არ მაქვს უფლება, მათთან ერთად არ ვიყო, – ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროცესში ხელისუფლება ყოველდღიურად თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს, მაშინ როდესაც პროტესტი თავდაცვის რეჟიმში იმყოფება.
“საქართველოში საპროტესტო მოძრაობის 100-ე დღე აღინიშნება, თუმცა რთულია საუბარი გამარჯვებაზე, როდესაც უდანაშაულო ადამიანები ციხეში სხედან. თუ ვინმეს ამაზე ეჭვი ეპარება, საკმარისია სასამართლო პროცესებს დაესწროს და საკუთარი თვალით იხილოს, რამდენად უსამართლოა მართლმსაჯულება და როგორ აქვთ გადანაწილებული პასუხისმგებლობა რეჟიმის წარმომადგენლებს.
პროტესტი არ დაწყებულა 100 დღის წინ – ეს ორი წლის ბრძოლაა. მიუხედავად იმისა, რომ 100-დღიანი უწყვეტი პროტესტი მნიშვნელოვანი ეტაპია, ეს ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო – მაშინ, როცა რუსული კანონი პირველად გამოჩნდა დღის წესრიგში. ეს იყო კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფდა, ადამიანებს აიძულებდა დარეგისტრირებულიყვნენ “უცხოელ აგენტებად“ და ქვეყნის მოღალატეებად.
საზოგადოების რეაქცია კონკრეტულ შემთხვევაზე არ ყოფილა – ეს იყო პასუხი იმ შესაძლო სისასტიკეზე, რომლის ჩადენაც რეჟიმს მომავალში შეეძლო. სამწუხაროდ, ორი წლის თავზე ეს შიში გამართლდა – ჩვენ ვნახეთ, როგორ გაბოროტდა ხელისუფლება”, – განაცხადა კინწურაშვილმა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიერ საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ბოროტებას, ადამიანები ღირსებით დაუპირისპირდნენ.
“დღეს ქუჩაში არა უბრალოდ კოლექტიური მოძრაობა, არამედ ინდივიდების პროტესტი ჩანს – მათი არშეგუება იმ რეალობასთან, რომელიც ხელისუფლებამ საზოგადოებას მოუწყო.
ამ პროცესში ხელისუფლება ყოველდღიურად თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს, მაშინ როდესაც პროტესტი თავდაცვის რეჟიმში იმყოფება. ბოლო ორ თვეში მიღებული კანონები კი მიმართულია ადამიანის ღირსების წინააღმდეგ.
მე შეიძლება ითქვას, დავკარგე პროფესია, რადგან ამ 100 დღის განმავლობაში პროფესიიდან გამოვედი. ჩემი მაყურებელი ქუჩაში დგას, და მე არ მაქვს უფლება, მათთან ერთად არ ვიყოთ. საქართველოს საზოგადოება 100 დღის განმავლობაში უწყვეტად დგას ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის. წინ კიდევ რთული გზა აქვთ, მაგრამ მათი პროტესტი არ წყდება”, – განაცხადა კინწურაშვილმა.
თაგები:
კახა კინწურაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს