Logo

კახა საბანაძე – საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას

საზოგადოება
835
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში კახა საბანაძე აღნიშნავს, მიიჩნევს, რომ გავრცელებულ სიუჟეტებს შესწავლა სჭირდება და საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ტოვებს თანამდებობას.

"მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.

ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო  ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში", – აღნიშნულია კახა საბანაძის განცხადებაში.

კახა საბანაძე სხვადასხვა დროს ასევე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.

თაგები:

Advertisement