Logo

კახეთის რეგიონში კიდევ ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

რეგიონები
104
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, კახეთის რეგიონში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა და მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში გაგრძელება მიულოცა.

სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე წულაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, პარლამენტის დეპუტატ გიორგი ბენაშვილთან და სხვა სტუმრებთან ერთად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების  -  არაშენდისა და ბაკურციხის სკოლებს ეწვია და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგებს გაეცნო. სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ექიმის კაბინეტი,  საგანმანათლებლო სივრცეები და ყველა ის პროექტი, რაც სამინისტროს მიერ განხორციელდა.

"სოფელ არაშენდის და ბაკურციხის საჯარო სკოლები 500-500 მოსწავლეზეა გათვლილი და მათი სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. არაშენდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ექვს მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ბაკურციხის სკოლის ჯამური ღირებულება ხუთი მილიონი ლარია. ორივე სკოლა სრულად აკმაყოფილებს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურულ, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნებს.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სკოლებში ფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.  სკოლები უზრუნველყოფილია შიდა და გარე უსაფრთხოების სისტემებით. ორივე სკოლას აქვს როგორც  ღია, ასევე, დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და სრულად ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტად გრძელდება. სამინისტროს მიზანია, თანამედროვე სასკოლო გარემო თითოეული მოსწავლისთვის იყოს უზრუნველყოფილი", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

Advertisement