კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებით და ღირსების მედლებით დააჯილდოვეს


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართველი კალათბურთელების თავდადებას, პატრიოტიზმს და მიღწეული წარმატებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
"ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. სპორტში განსაკუთრებით ვლინდება ეს ნიჭი, თუმცა, ნიჭთან ერთად, რომ არა თავდადება, შრომისმოყვარეობა, პატრიოტიზმი ვერავითარი წარმატება ვერ შედგებოდა. თქვენ ხართ იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი კაცის შემართება, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კაპიტანს. დღეს ჩვენთან ერთად არის თორნიკე შენგელია, რომელმაც, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გავდიოდით, ხუთი დღის განმავლობაში ჯერ იტალიაში ითამაშა, შემდეგ ისლანდიაში გაფრინდა, შუალედში ისევ ბოლონიაში ითამაშა და შემდეგ თბილისში ჩამოვიდა გადამწყვეტ თამაშზე. მან ლომის წილი დაიდო იმ გამარჯვებაში, რომელმაც საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატზე გაგვიყვანა და ასეთია თითოეული თქვენგანის შემართება. კაპიტნის მაგალითი არის განსაკუთრებული, მაგრამ თითოეულ თქვენგანს უნდა გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი კალათბურთელების წარმატება მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითია.
„მას შემდეგ, რაც ქართულმა კალათბურთმა იზეიმა განსაკუთრებული გამარჯვებები, ძალიან გაიზარდა ბავშვებში, ახალგაზრდებში მოტივაცია, რომ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჩვენი, მთავრობის, პასუხისმგებლობაა, მაქსიმალური პირობები შევქმნათ ამისათვის. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ყველა ბავშვს, ყველა მოზარდს, რომლებსაც აქვთ ინტერესი, დაკავდეს კალათბურთით, მივცეთ ამის საშუალება. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი, ძალიან ძლიერი გუნდით მივდივართ ევრობასკეტზე და მინდა, გისურვოთ მაქსიმალური წარმატება. თქვენ გვერდით ვართ და გგულშემატკივრობთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა კალათბურთელებს.
საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცათ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს - გიორგი შერმადინს და თორნიკე შენგელიას. პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ვიცე-პრეზიდენტები - ვლადიმერ ბოისა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და დავით საყვარელიძე, ასევე - ფედერაციის გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე. ღირსების მედლები გადაეცათ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ნაკრებების მენეჯერებს, ექიმებსა და ფედერაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს