"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი

ავტორი
Front News საქართველო
რასაკვირველია, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი. ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში აღნიშნული, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება.
პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ უსამშობლო ადამიანების მიერ მედიის თავისუფლებაზე უცხოური თავდასხმის მიმართ გამოხატული სიხარული მათი საუკეთესო ლუსტრაციაა.
"ამ ფონზე, გამორჩეულად კომიკური და ტრაგიკულია ის სიხარულის ყიჟინა, რომელიც უსამშობლო, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სახელმწიფოს განცდის არმქონე ადამიანებმა მედიის თავისუფლებაზე უცხოური თავდასხმის მიმართ გამოხატეს. ეს რეაქცია საუკეთესო ლუსტრაციაა იმისა, თუ რა ღირებულებითი სისტემის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე.
საზოგადოებამ იხილა, რომ როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, მათ ერთიანი „მესიჯბოქსით“ დაიწყეს აბსურდის მტკიცება, რომ, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან მხარდაჭერის მიღების ნულოვანი შანსი და იმედი აქვთ. გარე ძალაში, რა თქმა უნდა, ის ძალა იგულისხმება, რომელიც ადგილობრივ აგენტურას აძლევს დავალებას, ამავდროულად კი არწმუნებს, რომ ახლაც და მომავალშიც, დავალებების უპირობოდ შესრულების შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარება, თუმცა, მუშაობით არა საქართველოსთვის, არამედ მათი ინტერესებისთვის უნდა იმუშაონ. ამ ძალებს „დიფ სთეითს“ დავარქმევთ, გლობალურ ომის პარტიას თუ ოლიგარქ ოჯახებს, ფაქტია, რომ სწორედ ამგვარი, არაფორმალური ძალაა ჩაბუდებული ევროპულ ბიუროკრატიაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო




