კელი დეგნანი – როგორც ძველი, კარგი მეგობრები, ხანდახან ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ჩვენ უნდა შეგვეძლოს საუბარი ჩვენს უთანხმოებაზე

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც ძველი, კარგი მეგობრები, ხანდახან ერთმანეთს არ ვეთანხმებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
“ჩვენ უნდა შეგვეძლოს საუბარი ჩვენს უთანხმოებაზე და ამას, როგორც წესი, პირისპირ ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტურია.
ზოგჯერ საჯაროდაც ვსაუბრობთ, თუ ეს საკითხი ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს და სწორედ ეს გავაკეთეთ ამ შემთხვევაში. ჩვენ გავავრცელეთ საჯარო განცხადება, რომელიც გამოხატავს აშშ-ის შეშფოთებას, დროულობასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით.
აშშ ამ საკითხში მარტო არ არის, სახალხო დამცველს, რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს იგივე წუხილი ჰქონდათ. ეს არ არის ის, რაც ფარულად მოხდა, ეს საჯაროდ მოხდა და ეს საკმაოდ ნორმალურია. სტანდარტული პრაქტიკაა.
აშშ-მა ძალიან დიდი დრო დაუთმო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობას, შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის გაუმჯობესებას, გამჭვირვალობას, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას და ეს მოიცავდა არაერთ გაცვლას აშშ-ის ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. ეს არის რუტინული მოქმედებები, რომელიც მუდმივად ხდება. და თუ ვინმეს სურს, არასწორად დაახასიათოს ისინი, ან იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს, ვიდრე აქვს, ეს, ცხადია, მხოლოდ მათი მიზნებისთვისაა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი




