ხატია დეკანოიძე – ბადრი ჯაფარიძის და შალვა ნათელაშვილის მიმართ განხორციელებული რეპრესიებით თქვენ მხოლოდ საკუთარ სისუსტეს აჩვენებთ

ავტორი
Front News საქართველო
“ბადრი ჯაფარიძის და შალვა ნათელაშვილის მიმართ განხორციელებული რეპრესიებით თქვენ მხოლოდ საკუთარ სისუსტეს და საკუთარი თავების მიმართ შინაგან უნდობლობას აჩვენებთ“,- განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ.
“არ მიკვირს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში არ ახსენოს რუსეთის ფედერაცია. დღეს ეს პოლიტიკური ძალა აპირებს, საპარლამენტო მანდატი შეუწყვიტოს საკუთარ კოლეგებს – ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ეს ადამიანები, საკუთარი გადაწყვეტილებით, პარლამენტის მიღმა დატოვოს. მათ ჰგონიათ, რომ ეს ოპოზიციას დაასუსტებს. თქვენ გგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა და მისთვის არაადამიანური პირობების შექმნა დაასუსტებს ოპოზიციას ან თავად მას. თქვენ გგონიათ, რომ პარლამენტიც, ქვეყანაც, საქართველოს ბიუჯეტიც, ადამიანები – ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და თქვენ. მაგრამ ცდებით, იმიტომ, რომ ისტორიაში ბევრჯერ გვინახავს ისეთი მაგალითები, როდესაც ერთი ადამიანის უზღვავი ძალაუფლების კონცენტრაცია ამ ადამიანების გაქცევით და სამსჯავროზე გამოტანით დასრულებულა. ამიტომ, ნამდვილად არ შემიძლია, ზნეობაზე და კონსტიტუციაზე ვესაუბრო იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ საქართველო ჩაძირული უნდა იყოს ამ ჭაობში. ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის მიმართ განხორციელებული რეპრესიებით, თქვენ მხოლოდ საკუთარ სისუსტეს აჩვენებთ“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




