ხატია დეკანოიძე - ბევრი რამე დაადასტურა ნოღაიდელმა, ბოლოს გამოვიდა და კვლავ რუსეთთან დალაგებისკენ გაიწია შავი ჯიპიდან

ავტორი
Front News საქართველო
უამრავი რეპრესიული და სახელმწიფოებრივი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ დღეს, სასამართლოში, უახლესი ისტორიის მკვლევრებისთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ჩვენი ხელისუფლების ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი დაიკითხა. ის მთავარი მოწმეა სააკაშვილის საქმეში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.
"ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეიძლება მისი ქცევის მიხედვით საჯარო სივრცეში, თუმცა ალბათ, ყველაზე უფრო ამაზრზენი სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსული ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმოებაა, რომელიც შიგნავს ქვეყანას და მის უსაფრთხოებას. ნოღაიდელმა, როგორც მოწმემ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლო დარბაზში მყოფ ადამიანებს და გისოსებს მიღმა პატიმარს. ამაზე მანდატურებს და მოსამართლეებს რეაქცია არ ჰქონდათ, თუმცა, გავეშებით ეძგერნენ დარბაზს და დაცვის მხარეს.
ბევრ საინტერესოს მოისმენდით ამ პროცესზე. განსაკუთრებით რუსების მუდმივ მცდელობაზე - გამოეშიგნათ საქართველო სხვადასხვა გავლენის აგენტების დახმარებით. მე არ მახსოვდა - საზოგადოებრივ მაუწყებელში რუსული გავლენების გამტარებელი ვასილ მაღლაფერიძის ირიბი ჩვენება რომ იდო საქმეში, რაც ნოღაიდელმა დაადასტურა. ისიც დაადასტურა, რომ პატარკაციშვილი საქართველოს რკინიგზას ითხოვდა.
ბევრი რამე დაადასტურა ბ-ნმა ნოღაიდელმა, ბოლოს გამოვიდა და კვლავ რუსეთთან დალაგებისკენ გაიწია შავი ჯიპიდან.
სიმართლე გითხრათ, როდესაც ელექტროენერგიის გადანაწილების უკანონო სქემაში ხარ და მილიონობით ლარს შოულობ საქართველოს ხარჯზე - გინება, ცრუმოწმეობა და პუტინთან დალაგების რუსული ბლეფიც - ბუნებრივია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა ჯერ კიდევ 2023 წელს წერდა, რომ რუსული შლეიფის გარდა, ნოღაიდელი, ესკოს დირექტორ ამბოკაძესთან ერთად ჩართული იყო ელექტროენერგიის კორუფციულ სქემაში, რომელიც ბოლო წლებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას უწყობდა ხელს შუამავალი კომპანიების ჩართულობით. ანუ, ღატაკი ხალხის ხარჯზე გამდიდრებულა ბატონი ნოღაიდელი.
გინება და რუსული საქმე რა პრობლემაა, დღეს ამ ორივე საძაგლობის ხშირი მოწმეები ვართ", - წერს დეკანოიძე.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




