ხატია დეკანოიძე – ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი ინტერესი ათი წლის განმავლობაში და ახლა კედელს არასწორ ადგილას აწყდებიან


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურ მოძრაობის” დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიაში დაპირისპირება არ არის, თუმცა გამოწვევები არსებობს.
“პარტიაში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. არის სერიოზულ გამოწვევებთან ბრძოლა, რადგან გამოწვევები არის. ახალი არ არის, რომ გამოწვევები გვაქვს ფინანსური თვალსაზრისით, რადგან იცით, რომ ათი წლის განმავლობაში, ბიზნესშემოწირულობა იყო დიდი პრესისა და ზეწოლის ქვეშ, თუ ეს იქნებოდა “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განხორციელებული. რა თქმა უნდა, ზეწოლა არის იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და ნამდვილად ეგზისტენციალური საკითხია, მაგრამ ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ გვაქვს. ზრდასრული ადამიანები, პოლიტიკოსები ვართ, ვისაც ერთმანეთთან საუბარი შეუძლიათ.
სოციალურ ქსელში ახლად წამოტივტივებულებს ნუ დაავიწყდებათ, რომ ყველა ადამიანს, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა, რომ 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში, თითქოს პასუხისმგებლობა არ აქვთ სახელმწიფოს წინაშე. წლების განმავლობაში არიან პოლიტიკაში და ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას და ახლა, ვისაც რაიმე სახის პოლიტიკური ანალიზის უნარი აქვს ან ექსპერტობაზე აქვს რაიმე სახის პრეტენზია, “ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა. მინდა, ყველას ვთხოვო, მათ ვისაც ახლა გადაწყვიტეს, პარტიის შიდა საქმეებში ჩარევა – ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი ინტერესი ათი წლის განმავლობაში და ახლა კედელს არასწორ ადგილას აწყდებიან, “ნაციონალურ მოძრაობაში“ არავითარი დაპირისპირება არ არის. “ნაციონალური მოძრაობის“ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ჩემი დამოკიდებულება იცით, რაც ახლა “ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით გადმოიღო, მაგრამ კრიტიკის არც პასუხისმგებლობა, არც მორალური, არც ზნეობრივი უფლება გარკვეულ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპის მიმართ, მათ შორის სოსო თოფურიძეს. არ ვიცი, შეიძლება, „ფეიკი“ გვერდია, მაგრამ ამ ადამიანებს საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ესმოდეთ, რაში აღმოჩნდა ქვეყანა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება ნიკა მელიას “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებას, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ფიქრობდეს მელია არ იმსახურებს ამ პოსტს, პარტიაში არ იქნებოდა.
“ეს არის პარტიის შიდა საქმე, პარტიის გადასაწყვეტი. “ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეს გადაწყვეტს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიაში არ ვიქნებოდი, რომ მეფიქრა, რომ ნიკა არ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, გუნდურად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, პარტიის წინააღმდეგ ტალახის სროლა არის ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი. პარტიის შიდა საქმე პარტიის საქმეა. ჩვენი პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე უზენაესი, ამიტომ, პროპაგანდისტურად, პოლიტიკურ ჭრილში რაიმე ქულების დასაწერად ნამდვილად ვერ გაგვემთ იმ პასუხს, რაც აჟიტირების საფუძველი გახდეს იმ ადამიანების, ვისზეც არ ვთვლი, რომ მიშას გულშემატკივარია. ბევრისთვის მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი არ არის, ვისაც მხოლოდ პარტიიდან ვიცნობთ. ეს არის ადამიანი, ვინც ჩემთვის გაცილებით სხვა სიმბოლო და ადამიანია, ჩემი მეგობარია. ამ სიტუაციაში “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ტალახის სროლაში “ქართულ ოცნებას” ვერავინ შეეჯიბრება და თუ ვიღაც-ვიღაცებს ამ შეჯიბრეთობის არჩევა უნდათ, ამით ასრულებენ იმ ფუნქციას, რაც ივანიშვილს სურს“, – განაცხადა დეკანოძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე