ხატია დეკანოიძე – ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ “ქართული ოცნება” არავითარი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, “მთავარი არხის” 118 700 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება არა კომისიამ, არამედ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს.
“მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა, საქართველოს როგორც სახელმწიფოს, შესასრულებელი აქვს 12 რეკომენდაცია და ეს რეკომენდაციები რა თქმა უნდა, უნდა გულისხმობდეს მედიათავისუფლებას, პოლარიზაციის შემცირებას და მედიაპლურალიზმს, ამ სიტუაციაში, კომუნიკაციების კომისია ლახავს გამოხატვის თავისუფლებას. ეს გადაწყვეტილება არის უკან დახევა დემოკრატიის და მედიათავისუფლების გზაზე. რა თქმა უნდა, არავითარი „სამომავლო საარჩევნო სუბიექტი“ როგორც საკანონმდებლო ცნება არ არსებობს, რაც რეალურად იყო მიზეზი “ქართული ოცნების” მხრიდან.
“ქართული ოცნება” ყველანაირ საშუალებას იყენებს კრიტიკული მედიის გასანადგურებლად და ეს ხორციელდება წლების განმავლობაში. პოლიტიკური მართლმსაჯულების ეგზეკუციით, ფინანსური სანქციებით და სასამართლოს გამოყენებით, “ქართული ოცნება”, ოლიგარქიული რეჟიმი ცდილობს, ჩაახშოს კრიტიკული მედია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმულია მედიის თავისუფლების მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიის და ევროინტეგრაციის გზაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არის ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი, რომელიც ასევე არის მოხსენიებული ევროპარლამენტის რეზოლუციაში და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა კრიტიკული მედიის დამფუძნებლის ან დირექტორის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გუშინდელი გადაწყვეტილება არის დასტური კიდევ ერთხელ, რომ არავითარი 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს “ქართული ოცნება”. ეს არის დასტური, რომ ხელისუფლება, რომელიც თვითონ აფინანსებს ანტიდასავლურ კამპანიას, იყენებს ბერკეტს კომისიის საშუალებით, რომ რეალურად მთავარი არხი და სხვა კრიტიკული მედია გააჩუმოს.
ამიტომ, ჩვენი პარტია გუშინდელ გადაწყვეტილებას განვიხილავთ ძალიან დიდ დაბრკოლებად საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მივმართავთ ხელისუფლებას, ის ვალდებულებები, რომელიც შესასრულებელი აქვს საქართველოს, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მძიმე ფონი იქნება მათ შორის მედიათავისუფლებისთვის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე