ხატია დეკანოიძე – მიხეილ სააკაშვილი ორი კვირის წინ ფიზიკურად გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ახლა


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.
დეკანოიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მისი წინა ვიზიტის შემდეგ დამძიმებულია.
“მიხეილ სააკაშვილი 2 კვირის წინ ფიზიკურად გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ახლა. იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში როგორც მითხრა, დაკლებული აქვს დაახლოებით 7 კილო, ძალიან გამხდარია. ძალიან უჭირს გადაადგილება, ეს არის თვალშისაცემი და ღამის ძილი არ აქვს მოწესრიგებული, რაც მნიშვნელოვანი ნევროლოგიური ფაქტორია. პრაქტიკულად აქვს ძალიან სერიოზული პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც განვითარდა, რა თქმა უნდა, წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ. ამიტომ ჩემი შთაბეჭდილებითაც კი, მე ვნახე იგი რამდენიმე დღის წინ, ახლა მისი ფიზიკური მდგომარეობა არის ძალიან სუსტი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან განიხილა, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა.
“ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ, რაღაც კონკრეტული პოლიტიკური თამაშის წესების შეთანხმებას მე შერიგებას ვერ დავარქმევდი და არც თვითონ ფიქრობს, რომ ამ პროცესს შერიგება უნდა ვუწოდოთ. აფასებს ამ პროცესს ნამდვილად და ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
