ხატია დეკანოიძე – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფოდ საჭიროებს ჩარევას


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფოდ საჭიროებს არა მხოლოდ შეფასებას, არამედ ჩარევას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია.
“თემურ ჯანაშიამ დღეს მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სასწრაფოდ არა მხოლოდ შეფასებას, არამედ ჩარევას.
ვესაუბრე თემურ ჯანაშიას და ასევე საუბარი მქონდა იმ ადამიანებთან, ვინც ჩართული არიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასთან. მისი სასიცოცხლო ყველა პარამეტრი არის, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე. ეს უპირველეს ყოვლისა, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო უზრუნველყოფა, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებს გაეკეთებინათ შეფასება. გარდა ამისა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ საზოგადოება კვებეს მხოლოდ პროპაგანდით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იმსახურებს რაიმე ტიპის შეშფოთებას, რაც არის ტყუილი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები დღეს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უფლებადამცველებს და უცხოეთის საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
“მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, მისი გადარჩენა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება არის აუცილებელი. ამ პირობებში ჩვენ ვერ ვხედავთ პარლამენტში რუტინული საქმიანობის შესაძლებლობას“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
