Logo

ხატია დეკანოიძე – ოპოზიციური ერთობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული გეგმა, როგორი უნდა იყოს ქვეყანა ივანიშვილის შემდგომ

პოლიტიკა
19.04.2022 / 17:05
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

 

“ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი მოსაზრების გაჟღერების უფლება, მათ შორის პროტესტი, რომელიც შეიძლება, იყოს და სულ მუდამ არის, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატვის ფორმაა. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არ წასულა დღის წესრიგიდან. ნებისმიერ ადამიანს, თუ პოლიტიკოსს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, ამის სრული უფლება აქვს. ოპოზიციიდან ყველა ვთანხმდებით, რომ ხელისუფლების ცვლილება არის აუცილებელი. ჩემი წარმოდგენით, ამას სჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირველი არის ოპოზიციის ძალიან სერიოზული ერთობა. ოპოზიციური ერთობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული გეგმა, როგორ განვითარებას ვხედავთ საქართველოში და როგორი უნდა იყოს ქვეყანა ივანიშვილის შემდგომ, არჩევნების შემდეგ ახალ კოალიციურ ვითარებაში. ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი და იარაღი არის ის, რომ ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, არსებობს ალტერნატივა.

 

ერთპარტიულ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დატოვება შეიძლება, იყოს გარკვეულწილად ბერკეტი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვახდენთ პოლიტიკურ შეთანხმებას ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ვფიქრობთ, რომ ლეგიტიმაციის პირობებში აღარ უნდა იყოს „ქართული ოცნება“. მე ვერ ვხედავ მიზანს იმაში, რომ მარტო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვოს საპარლამენტო საქმიანობა. რეალურად, ახლა, ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან ბევრი ახალი დაბრკოლების შექმნა, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება, რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებაში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ კიდევ გავაღრმავოთ შიდა ოპოზიციური დაპირისპირება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

რაც შეეხება ბაკურიანში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ხატია დეკანოიძის თქმით, ასეთი შეხვედრები ოპოზიციას შორის მუდმივად ტარდება და ამ შეხვედრაზე სტრატეგიულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

“არ მესმის, როგორ შეიძლება, დაიგეგმოს საიდუმლო შეხვედრა, სადაც არის ჩვენს გარდა კიდევ 250 ადამიანი. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი „ქართულ ოცნებაში“, ასევე სუს-ში ცდილობს, რომ განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით. ასეთი შეხვედრები სულ ტარდება ოპოზიციას შორის. მსჯელობა იყო სტრატეგიულ საკითხებზე, მსჯელობა გვექნება კიდევ. ჩვენ ხშირად ვხვდებით „ენდიაის“, „აირაის“, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. რაც შეეხება ბატონ პიტერ აკერმანს, ყველას მოვუწოდებ, დაგუგლონ, ვინ არის ეს ადამიანი, ძალიან საპატივცემლო ადამიანია, არ მგონია, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა იცოდეს, ვინ არის აკერმანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები