ხატია დეკანოიძე – “ქართული ოცნება” წავა ყველანაირ საბოტაჟზე, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას

ავტორი
Front News საქართველო
დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებულები, პრაქტიკულად აღარ არსებობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“გუშინწინ და გუშინ, ჩვენი მობილიზაციის შედეგად, მათ ჰქონდათ შიში და გაიქცნენ ორჯერ დარბაზიდან. ანუ უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა. ძალიან სამწუხაროა, რომ უმრავლესობა გირგვლიანის საქმის მოსამართლეს, მურუსიძეს და კლანს გადაეფარა. დისკუსია იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებულები, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს არის უკვე ის მოცემულობა, რომელიც არის ძალიან აქტიურად განხილვადი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ახლა დგება უკვე მეორე ეტაპი. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაშიც ძალიან სერიოზული მობილიზაცია უნდა გვქონდეს. ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიციის გეგმა. მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს და წავა ყველანაირ საბოტაჟზე, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, “გადატკეპნილი და უკვე ძალიან სუსტი არგუმენტია ხელისუფლების, მათ შორის „ქართული ოცნების“ და ირაკლი კობახიძის მხრიდან ახალ საგამოძიებო კომისიაზე საუბარი და მუქარის გაჟღერება“.
“თუ მათ უნდათ რაიმე სახის პრობლემის გამოკვლევა სასამართლოს სისტემაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის საგამოძიებო კომისია ამის საშუალებას იძლეოდა. მათ ეს არ სურთ. მათ სურთ მხოლოდ ერთადერთი, რომ კლანს გადაეფარონ. ეს მუქარა, გაცვეთილი არგუმენტაცია და სუსტი გზავნილები ბატონი კობახიძის მხრიდან აჩვენებს მათ ძალიან სუსტ პოზიციას, რომელიც ჰქონდათ ამ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ მუქარაა და არაფრის გაგრძელების საშუალება და შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ამიტომ ამ გზავნილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




